კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ქრისტიან-დემოკრატებს, უმრავლესობამ კი ცვლილებებს მხარი ერთხმად დაუჭირა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები არ ითვალისწინებს მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს არჩევნების შედეგის გამოცხადებამდე, რასაც ითხოვდნენ საპარლამენტო ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილეები.
ამ თემას 28 ივნისს საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასიც შეეხო და კონსტრუქციულ ნაბიჯად შეაფასა must carry–ის დანერგვა, ასევე მისი მოქმედების ვადების გახანგრძლივებაზე აღნიშნა:
„მიმაჩნია, რომ ”მასთ ქერის” ვადის გახანგრძლივება მთელ საარჩევენო პერიოდზე ნამდვილად განხილვის საგანი უნდა გახდეს. თუ ამ კანონს პარლამენტი დაამტკიცებს, იგი ნამდვილად შეუწყობს ხელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას,”- განაცხადა ბასმა.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, სავალდებული ტრანზიტის ვადა არჩევნების დღეს იწურება.
უმრავლესობის წარმომადგენელი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი პალიკო კუბლაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი არ გადაიხედება, რადგან მიაჩნია, რომ არის საკითხები, რომლებსაც საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ლოგიკით მიუდგება.
„ექსტრანორმები მხოლოდ საარჩევნო აგიტაციის შესახებ შეიძლება არსებობდეს. ასეთი ნორმები საქართველოში წინასაარჩევნოდ მოქმედებს, მათ შორის უფასო სარეკლამო დრო. ახლა, არჩევნებამდე 60–დღიან პერიოდში Must Carry-ის პრინციპი შემოგვაქვს. სხვა რაიმე სიახლეს არ ვგეგმავთ,“ – აცხადებს „ნეტგაზეთთან“ პავლე კუბლაშვილი.
28 ივნისს პირველი მოსმენით დამტკიცებულმა ცვლილებებმა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განსაზღვრა must offer-ის საკაბელო ოპერატორების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციებისა და ტელეკომპანია „კავკასიის“ must carry -ით სარგებლობის საკითხები.
კერძოდ, სავალდებულო ტრანზიტის პირვანდელი ფორმულირებით ტელეკომპანია „კავკასიას“ არ შეეძლო ამ პრინციპით ესარგებლა, რადგან არ მაუწყობლობს თანამგზავრზე, შესაბამისად, ის საქართველოს რეგიონებში ვერ იმაუწყებლებდა.
თუმცა კანონპროექტში დამატებების შეტანის შემდეგ „კავკასიასთან“ დაკავშირებით ისეთი ფორმულირება ჩაიწერა, რომ სავალდებულო ტრანზიტის პრინციპით ისარგებლებს აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირის არხი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის.
„მიხარია, რომ must carry „კავკასიაზეც“ ავტომატურად გავრცელდება. ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა,“– ამბობს „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და ხუმრობით დასძენს, – “მადლობა პარტიას”.
ნინო ჯანგირაშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარების მიუხედავად, „კავკასია“ სატელიტური მაუწყებლობას მაინც გეგმავს.
დღეს ასევე განისაზღვრა საკაბელო ოპერატორების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციების ფორმულირებაც. კერძოდ, თუკი საკაბელო კომპანიები სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტს არჩევნების დანიშვნიდან ერთი დღის ვადაში არ განახორციელებენ, ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა, ან განმეორებით ამ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის ჩამორთმევას ერთი წლის ვადით (საკაბელო ოპერატორებისთვის ფულადი სანქციები არ დაწესდება).
კიდევ ერთი საკითხი, რომლის განსაზღვრასაც არასამთავრობოები აქტიურად მოითხოვდნენ, ეხებოდა must offer-ის დანერგვას, რაც დაკმაყოფილდა კორექტირებული ვარიანტით. არასამთავრობოები მიიჩნევდნენ, რომ ლიცენზირებული ტელევიზიის სურვილის მიუხედავად, საკაბელო ოპერატორებს უნდა ჩაერთოთ ისინი თავიანთ ქსელში. ეს დაკმაყოფილდა: „ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე, განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი.“
ამ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული მოსმენით იხილავს. პროექტის მეორე მოსმენა ხვალაა დაგეგმილი.