ახალი ამბები

“ქართული ოცნების” აქტივისტებს სამცხე-ჯავახეთში გამოძიება “ძველ საქმეებს” უხსენებს

27 ივნისი, 2012 • 1372
“ქართული ოცნების” აქტივისტებს სამცხე-ჯავახეთში გამოძიება “ძველ საქმეებს” უხსენებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გეორგი მხჩიანი ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების  ფაქტზე დააკავეს, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მხჩიანმა ახალქალაქის ცენტრში მდებარე, ქალაქის ყოფილი საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრზე (1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით), საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების მიზნით, დაამზადა ყალბი  დოკუმენტები, რის შემდგომაც შენობა და მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა საკუთრებად.

აღნიშნული ფართის მესაკუთრე, რომელშიც ამჟამად კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის შტაბია განთავსებული, მხჩიანი 2005 წელს გახდა.

ადგილობრივი გაზეთის “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, წაყენებული ბრალის თანახმად, ეს შენობა 1996 წლის 25 ოქტომბერს მოქალაქე არტაშეს ჩახმახჩიანმა, მმართველი პარტიიდან ყოფილი პარლამენტარის – მელიქ რაისიანის მამის თხოვნითა და ფულით, შეიძინა აუქციონის წესით, ხოლო 2005 წლის ზაფხულში, ასევე რაისიანის მითითებით, ეს ქონება მხჩიანზე გადააფორმა.

“გვედავებიან, რომ რეალურად ეს შენობა მაინც მელიქ რაისიანისაა და ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, ფაქტობრივად, ნასყიდობას ადგილი არ ჰქონიაო. ამბობენ, რომ ამ ქმედების გამო მოხდა დანაშაული და მხჩიანმა გააყალბა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ჯვარიძე “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში.

გამოცემის ცნობით, ამავე სისხლის სამართლის საქმის გამო საქართველოში ძებნაა გამოცხადებული მელიქ რაისიანზე, რომელიც ამჟამად სომხეთში იმყოფება.

კოალიცია “ქართული ოცნების” ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელის გიორგი ჟვანიას თქმით, მას შემდეგ, რაც მელიქიანმა “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანება გადაწყვიტა, იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააფრთხილა, რომ პრობლემები შეექმნებოდა.

მხჩიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდეს, ხოლო მისი საქმის არსებით განხილვას სასამართლო 16 აგვისტოს დაიწყებს.

სამართალდამცავები ასევე ძველი, 2005 წელს აღძრული საქმის გამო კითხავდნენ გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში “ქართული ოცნების” ასპინძის შტაბის წევრს ნუგზარ (მერაბ) ზაქაიძეს.

ზაქაიძის ადვოკატი გიორგი ჯვარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სტატუსით დაიკითხა საქმეზე, რომელზეც თაღლითობის მუხლით არის გამოძიება დაწყებული. საქმე ეხება კონკრეტული ფიზიკური პირისგან 2005 წელს ფქვილის პარტიის შეძენას, რა დროსაც, აღნიშნული პირის განცხადებით, მას არ გადაუხადეს 1000 ლარი. ადვოკატის თქმით, ამ საქმის წარმოება გამოძიებამ 2011 წლის ნოემბერში განაახლა. მისი თქმით, სწორედ ზაქაიძის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება მის მიმართ აღნიშნული საქმის წარმოების განახლება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი