ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის

8 სექტემბერი, 2016 •
პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის

საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო” ხალხისთვის აერთიანებს ორ პოლიტიკურ პარტიას –  “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” და “სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო”. ფორმალურად ბლოკში არ არიან, თუმცა ამ ბლოკის წარდგენით მონაწილეობენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალი მემარჯვენეები”.

ანალოგიურად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიც. ეს გაერთიანება შედგა 2016 წლის 5 აგვისტოს, თუმცა 2016 წლის 27 სექტემბერს “გირჩი” ამ გაერთიანებას გამოეთიშა. პაატა ბურჭულაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან მიიღო იმის გამო, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იდგა გირჩის მიღმა, ხოლო “გირჩის” განცხადებით, ბურჭულაძე ითხოვდა დამატებით ფინანსებს მათი კანდიდატების საარჩევნო სიაში ჩასმის სანაცვლოდ.

პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის მაისში დააფუძნა. მანამდე, 2015 წლის ნოემბერში პაატა ბურჭულაძემ “საქართველოს განვითარების ფონდი” დააფუძნა. ბურჭულაძემ  მაშინ განაცხადა, რომ ფონდის მიზანია დაასრულოს ნეპოტიზმის და შიშის ეპოქა.

მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ სხვა პარტიებთან ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადა, პარტია რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის იყო ლიდერების ნაწილიც (მერაბ მეტრეველი, ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე).

გიორგი ვაშაძემ, ენმ-ის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების ყოფილმა მდივანმა, ენმ 2016 წლის მაისში დატოვა და მალევე დააარსა პარტია “ახალი საქართველო”. როგორც საკუთარ თავს უწოდებენ, მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური გაერთიანების, “ახალი საქართველოს” დამფუძნებელი ყრილობა 2016 წლის 2 ივნისს გაიმართა. ხოლო პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისთვის, პარტიამ საჯარო რეესტრს 2016 წლის 8 ივნისს მიმართა.

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეა, პარტიის სხვა ლიდერები არიან: გურამ ჩალაგაშვილი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე), პაატა მანჯგალაძე (გურიის ყოფილი ვიცეგუბერნატორი), ლევან ხაბეიშვილი, გიგა გლუნჩაძე, თეონა ჭალიძე, სერგო ჩიხლაძე და ა.შ.

“ახალი მემარჯვენეები” — მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომელიც 2000 წელს ფრაქციის სახით შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. 2001 წელს “ახალი ფრაქციის”, “ახალი მოძრაობისა” და “ახალი კონსერვატორების” ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”, რომლის თავმჯდომარედაც ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ — დავით გამყრელიძე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალმა მემარჯვენეებმა” ხმათა 1%-იც  ვერ დააგროვა, რის გამოც პარტია დატოვა ლიდერმა – დავით გამყრელიძემ. 2013 წლის იანვრიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ფიქრია ჩიხრაძე – ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 2015 წლის ოქტომბერში კი “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს.

2015 წლის მაისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა. მათ ენმ-დან წამოსვლიდან მალევე დააანონსეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება. “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებელი ყრილობა 2016 წლის 16 აპრილს გაიმართა, სადაც “გირჩის” თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს. “გირჩი” ოფიციალურად უკვე 2016 წლის 23 მაისს დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად.

“გირჩის” ეკონომიკური პროგრამისა და პარტიის ლიდერების თანახმად, “გირჩი” თავისუფალი ბაზრის მომხრეა. “გირჩი” 2016 წლის საპარლამენტი არჩევნებში არ მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი