ფილარმონიაში “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებელი კრება მიმდინარეობს

ფილარმონიაში “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” დამფუძნებელი კრება მიმდინარეობს, რომელსაც თბილისში მცხოვრები, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონოდან ჩამოსული დელეგატები ესწრებიან.

პარტიის წევრები მათ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრებიან. დამფუძნებელი კრება დღესვე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს.

ნეტგაზეთთან საუბრისას გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა თქვა, რომ ყრილობის შემდეგ პარტია წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

“იმ ხედვებს, რომელიც აქვს ზურა ჯაფარიძეს ეკონომიკასთან დაკავშირებით, აქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ამ ხედვებით ჩვენ არჩევნებში მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგები გვექნება. ხვალიდან საარჩევნო კამპანია სრულიად სხვა რეჟიმში დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კონტრასიგნაცია გაუგზავნა და ა.შ, საარჩევნო კამპანია არ უკავშირდება არც პრეზიდენტს და არც პრემიერს. ვიცით, რომ ოქტომბერში ტარდება საპატლამენტო არჩევნები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები,”- აცხადებს კუბლაშვილი.

გირჩის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, ტორესა მოსი [ვახტანგ მოსიაშვილი] პარტიის ხედვებზე საუბრობს:

“ძირითადი საკითხებია ეკონომიკური ზრდა, სოციალური დახმარების გაზრდა, ბიუროკრატიის შემცირება, ბიზნესის ხელშეწყობა. ეს არის ის ხედვა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას. რაც შეეხება რეგიონალურ პოლიტიკას, გვინდა, რომ გავზარდოთ თვითვმართველობის ხარისხი იმისთის, რომ რეგიონებმა მაქსიმალურად აითვისონ და გამოიყენონ თავიანთი რესურსები. ვამბობთ, რომ გავაუქმებთ გადასახადებს, შედეგად 3 მლრდ ლარი დარჩება ეკონომიკაში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, ჩვენ ვგევმავთ სოციალური დახმარების რეფორმას იმისთვის, ყველაზე გაჭირვებულმა ნაწილმა მეტი დახმარება მიიღოს. მთავარი კრიტერიუმები ადამიანის დახმარებისას უნდა იყოს ის, რომ მას უჭირს და არა ის, რომ ტელევიზორი აქვს,”- აცხდებს ტორესა მოსი.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2015 წლის მაისში წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი