ახალი ამბები

შსს: თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირში მყოფი პირის ადგილსამყოფელი დაუდგენელია

7 ოქტომბერი, 2016 • 1629
შსს: თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან კავშირში მყოფი პირის ადგილსამყოფელი დაუდგენელია

შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მომხდართან კავშირში მყოფი, გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულ პირის ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე დაუდგენელია:

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა გამოძიების მიერ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ. ამჟამად, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მიმდინარეობს ხსენებული პიროვნების და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, სამართლდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი