ახალი ამბები

ბოკერია თარგამაძის საქმეზე ჩატარებულ სპეცოპერაციას კლოუნადას ადარებს

7 ოქტომბერი, 2016 • 1554
ბოკერია თარგამაძის საქმეზე ჩატარებულ სპეცოპერაციას კლოუნადას ადარებს

“მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ეს კლოუნადა, რომელსაც ვხედავთ, ძალიან მალე დამთავრდება და ამის შემდეგ სამართალდამცავებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ პოლიტიკური დაკვეთისა და ამ სამარცხვინო, უტიფარი პიარის გარეშე ჩვეულებრივად გამოიძიონ ეს ძალიან მძიმე და ჩვენი საზოგადოებისათვის საშიში დანაშაული, რომლის მსგავსიც არ მომხდარა საქართველოში.” – ასე გამოეხმაურა ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ სპეცოპერაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოძიების ვერსიის არ სჯერა და, როგორც ბოკერია ამბობს, სპეცოპერაცია წინასაარჩევნო პიარია:

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ, თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, პრემიერის ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ეს ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც საბედნიეროდ ძალიან მალე დავასრულებთ.” – აცხადებს ბოკერია.

შინაგან საქმეთა მინისტრის, მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთების ფაქტი გახსნილია. აღნიშნულის შესახემბ ამირანაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას განაცხადა, როცა გლდანში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კონკრეტულად კი, ბინის ჩხრეკა.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გიორგი (გივი) თარგამაძის მანქანა აფეთქდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი