ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: გვაქვს რესურსი, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩავატაროთ

7 ოქტომბერი, 2016 • 1751
ნაცვლიშვილი: გვაქვს რესურსი, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩავატაროთ

როგორია წინასაარჩევნო გარემო 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სასამართლოში არსებული პრობლემების, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტებისა და ფარული ჩანაწერების გავრცელების გათვალისწნებით – ამ საკითხებზე ნეტგაზეთი საიას თავმჯდომარეს, ანა ნაცვიშვილს ესაუბრა

წინასაარჩევნო პერიოდი ახალი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ფონზე წარიმართა. რას ნიშნავს ეს წინასაარჩევნო გარემოსთვის და როგორ აფასებთ სამართალდამცავების რეაგირებას?

ძალიან სამწუხაროა, რომ ფარული ჩანაწერების პრობლემა კვლავ აქტუალური გახდა წინასაარჩევნო პერიოდში, ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა, ჩვენ უკვე ვხედავდით კავშირს იმ კადრების გავრცლებასა და საარჩევნო  მიზნებს შორის. ერთადერთი კარგი, რაც მოჰყვა მაშინ ამ ფარული ჩანაწერების გავრცელებას, იყო საზოგადოების პრაქტიკულად ერთსულოვანი დაგმობა და მიუღებლობა ამ ტიპის ჩანაწერების გამოქვეყნებისა.

სხვა ეტაპებზეც ვნახეთ, რომ გამოქვენდა სხვა აუდიოჩანაწერები და როგორც შინაარსი, ასევე გამოქვეყნების დრო მიუთითებდა იმ მიზანზე, რომ ამ ჩანაწერების მეშვეობით მომხდარიყო პოლიტიკური პროცესების და საზოგადოებრივი აზრის მართვა. საზოგადოებაზე ასეთი ფორმებით ზემოქმედება არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან თავსებადი და აშკარა საფრთხეს უქმნის, ზოგადად, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების წარმართვას ქვეყანაში.

ამ პრობლემას გამაპირობებს რამდენიმე ფაქტორი: ერთი, ის არაეფექტური გამოძიებები, რომლებიც აქამდე არის ჩატარებული ამ ტიპის ჩანაწერებთან დაკავშირებით და დაუსჯელობის განცდასაც აჩენს, და დაუსჯელობა ყოველთვის ახალისებს ახალ დანაშაულს. ასევე, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არ არის სრულყოფილი და ტოვებს შესაძლებლობას, რომ მოხდეს მოსმენები, უკანონო თვალთვალი და მიყურადება. ძალიან მნიშვნელოვანია ის გამარჯვება, რაც კამპანია “ეს შენ გეხებამ” მოიპოვა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოქმედი ბაზა მხოლოდ 2017 წლის მარტამდეა მოქმედი. ამის შემდეგ ის იქნება არაკონსიტიტუციური და აუცილებელია კონსიტიტუციასთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ნორმატიული ბაზა.  ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გასაკეთებელი საქმე ახალი პარლამენტისთვის.

ერთადერთი, რასაც სამოქალაქო სექტორი უპირისპირდება კამპანია “ეს შენ გეხებას” ლიდერობით, არის უკანონო მოსმენები და არა, ზოგადად, მოსმენის შესაძლებლობა, რომელიც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს, თუ ეს ჯდება კანონის ჩარჩოებში და ლეგიტიმურ მიზანს თუ ემსახურება, რომელიც არის დანაშაულის გამოვლენა და პრევენცია და არა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია და პოლიტიკური პროცესების მართვა.

იმ დათქმით, რომ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რა თქმა უნდა, იყო ჩანაწერები, რომელთა შინაარსი იწვევდა სერიოზულ შეშფოთებას საზოგადოებაში და რიგი ჩანაწერების შინაარსი არ არის ნამდვილად თავსებადი დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოების განვითარებისთვის. ასეთი იყო, მაგალითად, ბოლო, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარე და მედიის წარმომადგენელი მძიმე საუბარში მონაწილეობდნენ, რომლის შინაარსი ჩვენ ყველამ ვიხილეთ.

ბოლოს გამოქვეყნებული ჩანაწერი, თუკი ის ავთენტურია, ფართოდ ეხება სასამარლო სისტემას. ერთი მხრივ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ ერთი მხრიდან შეხედა ამ ყველაფერს –  მკაცრად გააკრიტიკა მამუკა ახვლედიანი და, მეორე მხრივ, არაფერი თქმულა სასამართლოში არსებულ იმ პრობლემებზე, რაზეც ახვლედიანი საუბრობს. სასამართლოში მსგავსი პრობლემების ფონზე, თქვენ როგორ გესახებათ სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა, მაშინ, როდესაც ბევრი ძალა სწორედ სასამარლოს მიმართავს?

საბჭოს მოქმედებები მამაუკა ახვლედიანის საქმესთან მიმართებით და 5 ოქტომბრის სხდომა აჩვენებს იმას, რომ საბჭო ადეკვატურად არ აღიქვამს იმ სირთულეებს და იმ პრობლემებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში არის, და წუხს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეს პრობლემები გამოაქვს გარეთ. აქ უნდა გავმიჯნოთ, რომ ეს მოქმედებები ცალსახად იყო არაეთიკური და მოსამართლის მხრიდან ასეთ კომუნიკაციაში შესვლა დავის მონაწილე მხარესთან არ ექვემდებარება არანაირ გამართლებას და არანაირ სტანდარტს. ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას არავითარი გავლება არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა იმ პროცედურაზე, რომლის მეშვეობითაც ახვლედიანი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში პრობლემა იყო პროცედურა, როდესაც მათ კანონით დადგენილი წესით არ მოახდინეს ამ საკითხის შესწავლა და ფორსირებულად, მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა საჯაროდ ისაუბრა ამ თემებზე, რამაც გამოიწვია საბჭოს აღშფოთება, ფორსირებულად და კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით მოახდინეს მისი გათავისუფლება.

არჩევნებთან კავშირში განსაკუთრებით პრობლემურია საქმის განაწილების წესი, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს შემთხვევითი და ელექტრონული განაწილების წესი. საქმეების არსებული განაწილების წესი ტოვებს მანიპულაციების და გარე ჩარევევის შესაძლებლობებს. ეს ზოგადად ძალიან ცუდია და ასევე შეიძლება შექმნას გარკვეული პრობლემები და გააჩინოს კითხვის ნიშნები საარჩევნო დავებთან მიმართებაში. ამიტომ სასამართლო სისტემა ამისთვის უნდა მოემზადოს და საქმეთა განაწილების პროცესი წარმართოს ისე, რომ საგამონაკლისო წესი, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს ყოველგვარი კონტროლის, გამჭვირვალობის კრიტერიუმების გარეშე აძლევს საქმის დაწერის შესაძლებლობას ნებისმიერი მოსამარლისათვის, არ გამოიყენოს, რომ არ გაჩნდეს კითხვები, როგორ მოხვდა ესა თუ ის საარჩევნო დავა ამა თუ იმ მოსამართლესთან და ხომ არ მოახდინა შემდეგ ამ განაწილებამ საქმის შინაარსზე გავლენა.

უსამართლო სიტუაციაში არიან მოსამართლეები, როდესაც ზოგიერთ მათგანს აქვს 500-600 მიმდინარე დავა და ამ პირობებში, თან ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში, საარჩევნო დავები უნდა განიხილონ. თანაც, საარჩევნო კანონმდებლობა საკმაოდ სპეციფიკურია და ცალკე ექსპერტიზას, ცოდნას და ჩართულობას მოითხოვს მოსამართლეების მხრიდან. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ პრობლების 2016 წლის არჩევნებისთვის მოგვარება, რომ იყოს მოსამართლეების ადეკვატური რაოდენობა, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ტექნკურ დახმარება საარჩევნო დავების გადაწყვეტის მიმართულებით. თუნდაც ექსპერტი, რომელიც სასამართლოში იმუშავებს და იქნება საარჩევნო კანომდებლობის კარგი მცოდნე.

ეს იმდენად რთული დარგია, ხშირ შემთხვევაში კოდექსი ცოტა ბუნდოვანია, ურთიერთგამომრიცხავი ნორმებია და ასე შემდეგ. მართლა რთულია, როცა 500 მიმდინარე სხვა დავა გაქვს და 2-3-დღიანი შუალედები (პატარა არის განხილვის დავები საარჩევნო დავებთან მიმართებაში), მოსამართლემ უნდა მოასწროს განხილვა და უნდა გამოიტანოს სწორი გადაწყვეტილება. ამ ნაწილში მართლა მძიმე ტვირთი აქვთ მოსამართლეებს, ამიტომ აუცილებელი იქნება, ამ მიმართულებით უფრო მეტი ვიფიქროთ და გადავდგათ ნაბიჯები, რომ მოსამართლეებს ასეთ მძიმე ტვირის აწევა აღარ დასჭირდეთ 2017-2018 წლებისთვის.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ჩაიშალა პლენუმის სხდომა, ასევე, უახლოეს პერიოდში უნდა აირჩიონ სასამართლოს თავმჯდომარე. ეს პროცესები რამდენად ახდენს გავლენას საარჩევნო გარემოზე, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ბევრ ისეთ საქმეს, რომელსაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და  ამ საკითხებზე პოლიტიკური პარტიები ხშირად აკეთებენ აქცენტს.

საქართველოში ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდიც აჩვენებდა, წინაზე აღარაფერს ვამბობ, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა რაღაც საკითხის ირგვლივ აიწევა. ჭირს საზოგადოებაში ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მოძებნა, რომელიც აიღებს თავის თავზე გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას და ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ზოგადად, ამაზე აქვს საფიქრალი, მათ შორის, ახალ პარლამენტს, რომ როგორმე გაუძლოს პოლიტიკურ ცდუნებას და გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფრმები, რომ შექმნას ძლიერი ინსტიტუტები, რომლებიც პოლიტიკური კლიმატის ცვლილების მიხედვით კი არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ან შეიკავებენ თავს, არამედ გაუძლებენ პოლიტიკურ ქარტეხილებს და მისცემენ საზოგადოებას მდგრადი განვითარების გარანტიებს. ეს ეხება საკონსიტიტუციო სასამარლოსაც.

საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან პოლიტიკური გავლენების შესახებ ეჭვების ტყვეობაში – ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ ხელისუფლება ახდენს გავლენას და ცდილობს ჩაერიოს, მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობები და ჩარევები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ნაბიჯი, რასაც გადადგამს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ შორის, თავმჯდომარის არჩევაც, მიმართული იყოს იქითკენ, რომ ეს უარყოფითი განცდები და ეჭვები გაფანტოს საზოგადოებაში.

სასამართლოს მოუწევს, მთელ რიგ შემთხვევებში მიიღოს სამართლებრივი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ექნება პოლიტიკური შედეგები, ანუ გავლენას მოახდენს პოლიტიკურ შედეგებზე. სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილებების დროს უნდა ჰქონდეს სასამართლოს მაღალი ნდობითი რესურსი ფართო საზოგადოებაში, ყველა პარტიის ამომრჩეველში, რომ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კანონის საფუძველზე და შინაგანი რწმენით, და არა შიდა თუ გარე ჩარევების გამო.

რამდენად იმოქმედა წინასაარჩევნო გარემოზე “ქართულ ოცნების” შეთავაზებამ იმ პრინციპებზე შეთანხმების შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართულიყო წინასაარჩევნო პროცესი (ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი), შეამცირა ამან ის დაძაბულობა, რაც ახლა თან ახლავს ამ პროცესს?

ზოგადად, ასეთი შეთავაზებები და ინიციატივები არ არის ცუდი, პირიქით, დადებითია. მაგრამ ამ არჩევნების კონტექსტში ამ დადებითი ინიციატივების მნიშვნელობა ნამდვილად დააკნინა იმ საჯარო რიტორიკამ, რომელიც, რიგ შემთხვევებში, ჰქონდათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და ასევე დააკნინა არაეფექტურმა რეაგირებამ ინციდენტებზე, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ორივე პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ სისტემა დატოვოს ორპოლუსიანი და ორივე მხრიდან იყო ღია მცდელობები, რომ შეემცირებინათ საჯარო სივრცე მესამე, ალტერნატიული გზისთვის. მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ “შუაშისტები” ყველაზე უფრო “მავნებლები” არიანო, ეს იყო კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ორპოლუსიანი უნდა იყოს სივრცე, თანაც მეორე პოლუსი ძალაინ ცუდია, კატასტროფაა და ყველა, ვინც მესამეს ეძებს, ანუ შუაშუსტია, არის მავნებელი. თავის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ მცდელობები, რომ მესამე და შუაშისტური პოზიციები არ არის კარგი და სწორი.

კონკრეტულად რომელი ძალის მიმართ იყო ასეთ მცდელობები?

არ ვიცი, თვითონ რას გულისხმობდნენ, მაგრამ ნათელია, რომ ზოგადად, ქვეყანაში ამ ორივე ძალას უჭირს აიტანოს მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. ეს ეხება პოლიტიკურ ჯგუფებსაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც და ასე შემდეგ.

ბოლო პერიოდში გახშირდა ინციდენტები: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება, დიდინეძში მომხდარი ინციდენტი, ოქრუაშვილისთვის სროლა და ა.შ. ასეთი ინციდენტები როგორ მოქმედებს საარჩევნო გარემოზე?

ძალიან ცუდი ფაქტებია ეს ფაქტები და განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის ის გარემოება, რომ რამდნიმე ადამიანი, რომელიც დაზარალდა თარგამაძის მანქანის აფეთქების დროს, ამ წუთებშიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტებს, ეს ფაქტებიც, მათ შორის, თარგამაძს შემთხვევა, გახდა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების და რიგ შემთხვევაში საზოგადოების წევრების მხრიდანაც რეაქციების მიზეზი. არ უნდა გაიცვითოს სიტყვები “ეფექტური გამოძება”, და ამის პასუხისმგებლობა აქვს საგამოძებო ორგანოებს, რომ  როდესაც  ჩვენ მუდმივად ვითხოვთ გამოძიებას, მიუხედავად იმ დაბალი ნდობითი რესურსისა, რომლის შესაძლებლობასაც გვაძლევენ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ მაინც არ გვინდა, რომ ამ ინსტიტუტების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ მუდმივად მოვუწოდებთ მათ, რომ იყოს ეფექტური გამოძიება. მათი პაუხისმგებლობის საკითხია, რომ არ გაცვითონ ეს ტერნიმები და მათ მიმართ ნდობა არ გახდეს საქილიკო თემა.

მათ შორის, ეს ეხება ოქრუაშვილის და თარგამაძის შემთხვევებსაც. როცა ასეთი რამეები ხდება და პოლიტიკური ოპოზიციის მანქანას აფეთქებენ, ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ მათ წინააღმდეგ, ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს, მათ შორის, გარე დამკვირვებლისთვის, საარჩევნო გარემოზე.  ამ ტიპის დანაშაულების გამოძიება, მოტივის დადგენა – იყო კავშირში საარჩევნო პროცესებთან თუ არ იყო, არის ძალიან მნიშვნელოვანი. საგამოძებო ორგანოებმა დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცენ ამ საკითხებს.

დიდინეძის ინციდენტთან დაკავშრებით ძალიან არასწორი და დამაფიქრებელი იყო სოციალურ ქსელებში ის დუმილი, რომელიც რიგ აქტიურ მოქალაქეებსა და ჯგუფებში შეინიშნებოდა და რომელიც სულ სხვაგვარი იქნებოდა მოძალადესა და დაზარალებულს შორის როლები რომ ყოფილიყო შეცვლილი. ეს იყო ძალაინ დამაფიქრებელი, რომ ძალადობა, თავში ქვის ჩარტყმა და ამ მეთოდებით პოლიტიკური ბრძლების წარმართვა, უნდა იყოს აბსოლუტურად მიუღებელი ყველასთვის, განურჩევლად იმისა, ვინ, სად დგას პოლიტიკურ პლატფორმაზე. შერჩევითები არ უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება ძალადობას, ადამიანის უფლების დარღვევებს და ასე შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია ეს იმიტომ, რომ როცა დიდინეძთან მიმართებაში ეფექტურად ახერხებენ, რომ ბრალი წაუყენონ კონკრეტულ ადამიანებს, აქ არის ორი გამოწვევა: ერთი, რომ ამ ინციდენტს ეფექტურად პასუხი უნდა გაეცეს და მეორე, შერჩევითობის განცდა არ დატვოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურმა რეაგირებამ ამ საქმეში.

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულ პირებს გირაო შეუფარდეს. როგორ არჩევნებს უნდა ველოდოთ 8 ოქტომბერს კორცხელის ინციდენტის პასუხად ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მაშინდელი მოქმედებების ფონზე?

ძალიან დიდი იმედი მინდა დავიტოვო, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომ 8 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში არანაირი მსგავსი ტიპის “შავი ლაქა” დაშვებული არ იქნება, თუმცა ძალიან ცუდია ის, რომ დღემდე არ გვაქვს შესაძლებლობა ვთქვათ, რომ კორცხელზე იყო სრულყოფილი და ადეკვატური რეაგირება.

სხვა შემთხვევებს თუ შევადარებთ, როდესაც გაცილებით ნაკლები იყო ზიანი და ძალადობის ხარისხი, მაგრამ ადამიანები წინასწარი პატიმრობაში იმყოფებოდნენ და გისოსებს მიღმა ისხდნენ, ხოლო კორცხელის შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის ძალადობა, ასე გახმაურებული საქმე, მათ შორის, ქვეყნის იმიჯისთვის გახმაურებული საქმის შემთხვევაში, გამოყენებული იქნა გირაო, ნამდვილად ტოვებს შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას, რაც არის ძალიან ცუდი.

იმ ბევრი სხვა პრობლემის ფონზე, რომელშიც თქვენს ანგარიშშიც არის საუბარი, იმავე მედიაგარემოსთან დაკავშრებით, იმავე საარჩევნი ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ძალადობის იმ შემთხვევებზე, რაზეც უკვე ვუსაუბრეთ, როგორ არჩევნებს უნდა ველოდოთ, რა არის თქვენი პროგნოზი?

წინასაარჩევნო პერიოდი, მიუხედავად ცალკეული სერიოზული დარღვევებისა და ბოლო ძალადობრივი ფაქტებისა, მაინც ვფიქრობ, რომ იყო ნორმალური და აძლევდა შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს, რომ ემუშავათ ამომრჩეველთან და თავისი ხმა მიეწვდინათ. არ იყო რაიმე განსაკუთრებული მასშტაბის დარღვევბი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ან პოლიტიკური ველის თანასწორობას სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.

იქიდან გამომდინარე, როგორ წარიმართა წინასაარჩევნი პერიოდი, თუმცა ძალიან ცუდი იყო ძალადობის ფაქტები და ამის იგნორირება არ შეიძლება, მაინც ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა აჩვენა, რომ ჩვენ გვქვს რესურსი, მშვიდობიანად და ცივილიზებულად ჩავატაროთ არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს რესურსი იყოს გამოყენებული სწორად და ამაზე პასუხისმგებლობა აქვს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ყველა სუბიექტს, განსაკუთრებით, პოლიტიკურ ძალებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი