ახალი ამბები

2012-2016 წლებში 34 დეპუტატის ავტომობილზე 63 ვიდეოჯარიმა გამოიწერა

6 ოქტომბერი, 2016 • 1403
2012-2016 წლებში 34 დეპუტატის ავტომობილზე 63 ვიდეოჯარიმა გამოიწერა

პარლამენტის ინფორმაციით, 2012-2016 წლებში აპარატის ბალანსზე არსებული ავტომობილებით სარგებლობისას 34 დეპუტატის ავტომანქანაზე 63 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ყველაზე მეტი – 27 ვიდეოჯარიმა 2013 წელს გაფორმდა. სხვა წლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2012 – 18, 2014 – 8, 2015 – 7, 2016 (6 თვე) – 3 ჯარიმა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

“2012-2016 წლებში ყველაზე მეტი (თითოეულს ოთხი) ვიდეოჯარიმა ფიქსირდება დავით ონოფრიშვილისა და შალვა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე. 3-3 ვიდეოჯარიმა ფიქსირდება გუბაზ სანიკიძის, გოგი თოფაძის, ზურაბ ტყემალაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, მანანა კობახიძისა და პაატა კიკნაველიძის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებზე. პარლამენტის თავჯდომარის, დავით უსუფაშვილის შემთხევაში ორი ვიდეოჯარიმაა გამოწერილი. საქართველოს პარლამენტის აპარატის განმარტებით, ვიდეოჯარიმის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ შესაბამისი ავტომობილების მძღოლებს და არა პარლამენტის აპარატს,” – აღნიშნულია IDFI-ს გავრცელებულ განცხადებაში.

IDFI-მ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია 2012-2016 წლებში საპატრულო პოლიციის მიერ ავტომობილების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეოჯარიმების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების განკარგულებაში არსებულ, მინისტრების და მათი მოადგილეების დროებით მფლობელობაში გადაცემულ ავტომობილებზე განცალკევებით. შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 2012 წლიდან ავტომობილების მფლობელებზე გამოწერილი ვიდეოჯარიმების საერთო ოდენობა ყოველწლიურად მატულობს:

2012 წელი-140,432 საჯარიმო ქვითარი.
2013 წელი – 256,391 საჯარიმო ქვითარი.
2014 წელი -275,953 საჯარიმო ქვითარი.
2015 წელი – 294,558 საჯარიმო ქვითარი.
2016 წლის პირველ ექვს თვეში – 161,960 საჯარიმო ქვითარი.

“სამწუხაროდ, სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოწოდებული მონაცემები საჯარო დაწესებულების ბალანსზე, მინისტრების და მათი მოადგილეების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო ავტომობილებზე გამოწერილი ვიდეოჯარიმების შესახებ,” – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი