ჩაქვში რუსთავის სკოლის დირექტორები, ბაღის გამგეები და სხვადასხვა უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ სამდღიან სემინარზე იმყოფებიან.
„დაახლოებით 70 ადამიანი ესწრება სემინარს, რომელშიც ჩვენი პარტიის აქტიური წევრები არიან. მათ შორის არის 12-13 სკოლის დირექტორი, რომლებიც ჩვენი კოორდინატორები არიან, უკვე მესამე არჩვენებია. ამას კანონი არ კრძალავს. ასევე, სემინარზე არიან უმუშევრებიც, ბაღის გამგეებიც, საჯარო მოხელეებიც და ბიზნესმენებიც. ყველა არის ჩვენი კოორდინატორი. სამი არჩევნებია, ეს ხალხი მოგვყვება,“ – ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა მინდელი.
კითხვაზე – ვინ დააფინანსა რუსთაველი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების სამდღიანი სემინარი, ლაშა მინდელი პასუხობს, რომ ყველა ხარჯი პარტიის ცენტრალურმა ოფისმა გაიღო.
„ხელშეკრულება არსებობს, შეგიძლიათ მიმართოთ. ჩვენ, ძირითადად, ვსაუბრობთ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ცვლილებები შევიდა. გვინდა, რომ განვუმარტოთ. ორი სემინარი გვექნება, დღეს გვქონდა, ხვალ გვექნება და ხვალ მივდივართ უკვე. ტრენინგებს ვინ ატარებს? მეც ვსაუბრობ, აგერ ლექსოც საუბრობს, ფრაქციის თავმჯდომარე არის. ჩვენ გვყავს კიდევ ხალხი, რომელიც ასეთ საკითხებშია გამოცდილი. ჩვენი შტაბის უფროსები არიან. ათ შტაბად გვაქვს გაყოფილი ქალაქი, ათი შტაბის უფროსია და ისინი ატარებენ თავისი შტაბების მიხედვით,“ – აცხადებს მინდელი.
“ნეტგაზეთს” ჩაქვში ყოფნა დაუდასტურა რუსთავის მესამე სკოლის დირექტორმა ბექა შათირიშვილმა.
„პარტიის სემინარს ვესწრები ჩაქვში. ალბათ, ორი დღე გაგრძელდება. რა თემაზე ვსაუბრობთ, მაგას ვერ გეტყვით. ჩემზე არ არის დამოკიდებული. სემინარის შინაარსი კონფიდენციალურია,“ – განუცხადა „ნეტგაზეთს“ რუსთავის მესამე სკოლის დირექტორმა ბექა შათირიშვილმა.
სასტუმრო “ოაზისში” თითო ადამიანის ერთი დღით განთავსება 70 დოლარი ღირს. როგორც „ოაზისის“ ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ამ დროისათვის სასტუმროში არც ერთი ნომერი არაა თავისუფალი.