საზოგადოება

პრეზიდენტი ქედაში და ადრესატამდე ვერმიღწეული წერილები

3 თებერვალი, 2015 • 1968
პრეზიდენტი ქედაში და ადრესატამდე ვერმიღწეული წერილები

 

პრეზიდენტის შესახვედრად მოსულ ადამიანებს წერილებიც თან მოეტანათ. წერილებს ქედელებისათვის უცნობი რამდენიმე ადამიანი აგროვებდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტის დაცვას წარმოადგენდნენ და წერილებს მიხეილ სააკაშვილს გადასცემდნენ. ზოგიერთი ქედელი მათ წერილს აძლევდა, ზოგი კი პრეზიდენტს ელოდა, რადგან უნდოდა პირადად მისთვის გადაეცა წერილი.

პრეზიდენტმა ქედაში ჯერ ზაურ აბაშიძის შვიდსულიანი ოჯახი მოინახულა, შემდეგ კი – საავადმყოფოში ის ბავშვები, რომლებიც მკურნალობდნენ და მათ საჩუქრები გადასცა.

მოსახლეობას პრეზიდენტთან მიახლოების საშუალებას პირადი და სამთავრობო დაცვა არ აძლევდა. შეკრებილები პრეზიდენტის საავადმყოფოდან გამოსვლას ელოდნენ, თუმცა პრეზიდენტი საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. წერილები ზოგიერთმა თავისთვის დაიტოვა, ზოგმა კი დაცვისთვის გადაცემა ამჯობინა. დაცვის წევრი შეკრებილ მოსახლეობასთან ბავშვებზე იფიცებდა, რომ წერილებს პრეზიდენტს გადასცემდნენ.

ფატი დიასამიძე: პრეზიდენტის სანახავად მოვედი, წერილის გადაცემა მინდოდა, მაგრამ დაცვამ არ მიგვიშვა ახლოს, დაცვას მივცე? როცა პრეზიდენტმა საავადმყოფო გახსნა, მაშინაც დაცვამ გამოგვართვა წერილები, პასუხი დღემდე არ მიმიღია, დავით ბაქრაძესაც გადავეცი, არც მისგან მიმიღია პასუხი.

ნანა თურმანიძე სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს, დაბა ქედაში პირადი საქმისთვის ჩამოვიდა, პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტიც აქ გაიგო და წერილიც საგანგებოდ დაწერა, მისი საწუხარი უმუშევრობაა: „ახალი საავადმყოფოს აშენების შემდეგ უმუშევარი დავრჩი, ოჯახში მე ვიყავი მხოლოდ დასაქმებული _ ექთნი ვიყავი და 45 ლარი მქონდა ხელფასი, დღეს ესეც აღარ გამაჩნია. ოჯახში არავინ მუშაობს, ხუთი თვეა არც დახმარება ამიღია, ოჯახის სარეიტინგო ქულა 56 000-ია, დღეს უნდა მომცენ ბარათი, რითაც თანხას ავიღებ, ქმარი ავად მყავს, ბავშვები სკოლის მოსწავლეები არიან, სამსახური მჭირდება, ამიტომ მინდოდა პრეზიდენტის ნახვა“.  

 

მადონა ბაჯელიძე პრეზიდენტის ნახვას დილიდან ელოდა ეტლში მჯდომი 12 წლის გოგონასთან ერთად. როგორც მადონა ამბობს, ბავშვს ცერებრალური დამბლა აქვს, სჭირდება სისტემური მკურნალობა, რისი საშუალება ოჯახს არ აქვს და პრეზიდენტის სანახავად მხოლოდ ბავშვის გამო მივიდა: „ბავშვს მუდმივი მკურნალობა და ვარჯიშები სჭირდება, ოჯახში არავინ მუშაობს, არანაირი სახელმწიფო დახმარება არ მაქვს, ვთხოვ, დამეხმარონ“.

 

 65 წლის მერი გორგაძე პრეზიდენტის სიყვარულმა მოიყვანა: „მე მიყვარს სააკაშვილი და ამიტომ მოვედი, ნაციონალი ვარ“.

60 წლის ციურისაც უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, რამდენიმე კვირაა, რაც სამსახურიდან დაითხოვეს: „ოჯახში არავინ მუშაობს, მეც გამათავისუფლეს, პენსიაში გახვედიო და დავრჩი უმუშევარი. დამლაგებლად ვმუშაობდი, 110 ლარი მქონდა ხელფასი, წერილის გადაცემა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი