ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ არ უნდა გამოვაყენებინოთ ბავშვები პოლიტიკოსებს საარჩევნო აგიტაციისთვის

5 ოქტომბერი, 2016 • 4191
რატომ არ უნდა გამოვაყენებინოთ ბავშვები პოლიტიკოსებს საარჩევნო აგიტაციისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ფოტო პატარა გოგონასთან ერთად ჯერ პრემიერის ფეისბუკის გვერდზე გამოჩნდა და ასობით “მოწონება” დაიმსახურა, შემდეგ კი თბილისის ყველა მეტროსადგურსა და მთავარ ბილბორდზე “ქართული ოცნების” საარჩევნო რეკლამად მოგვევლინა. ფოტო მნახველში დადებით ემოციებს იწვევს, მაგრამ რამდენად მართებულია პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მომღიმარი ბავშვით ამომრჩევლის მანიპულირება და რა საფრთხეს უქმნის ეს ბავშვთა უფლებებს?

თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე პარტიების საარჩევნო კამპანიას გადავხედავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ მათი მთავარი სარეკლამო პოსტერები, ვიდეორგოლები, ამომრჩეველთა შეხვედრების ამსახველი ფოტოალბომები, რომლებიც  სოციალურ ქსელებშია გავრცელებული, სავსეა ბავშვებთან ჩახუტებული პოლიტიკოსების ფოტოებით. ფოტოებზე შესაძლებელია ბავშვების სახეების იდენტიფიცირება, მათი საცხოვრებელი ადგილის გაგება; ბავშვებს აცვიათ პარტიების მაისურები, უჭირავთ სააგიტაციო ატრიბუტიკა: დროშები, ბროშურები.

შეხვედრა ამომრჩეელთა მარტვილში. 25.07.16 ფოტო: პარტიის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

შეხვედრა ამომრჩეელთა მარტვილში. 25.07.16 ფოტო: პარტიის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

შეხვედრა ამომრჩეელთა ჩოხატაურში. 27.07.16 ფოტო: პარტიის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

შეხვედრა ამომრჩეელთა ჩოხატაურში. 27.07.16 ფოტო: პარტიის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვებს აქვთ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარკვეული მონაწილეობა უნდა მიიღონ, ასაკის შესაბამისად, ქვეყანაში იმ საკითხების დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც მათ ეხებათ. ბავშვთა უფლებები გვეუბნება, რომ პოლიტიკოსებმა ბავშვები, როგორც საგნები, არ უნდა გამოიყენონ, არამედ რეალურად უნდა შეხვდნენ ბავშვებს, გაიგონ მათი საჭიროებები, მოუსმინონ მათ აზრს და ამის გათვალისწინებით შეიმუშაონ საკუთარი ხედვა, მაგალითად, ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის საკითხებზე.

“თუმცა ამის სანაცვლოდ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ პოლიტიკოსები, უბრალოდ, როგორც ლამაზ საგნებს, ისე ეპყრობიან. არასოდეს ეკითხებიან აზრს, მით უმეტეს, არასოდეს ითვალისწინებენ მათ მოსაზრებებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავებაში,” – ამბობს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.

ენმ-ს მაჟორიტატორი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი წერეთელის კარდაკარ ქუთაისში. 26.08.16 ფოტო: ენმ-ს ფესიბუკ გვერდი

ენმ-ს მაჟორიტატორი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი წერეთელის კარდაკარ ქუთაისში. 26.08.16 ფოტო: ენმ-ს ფესიბუკ გვერდი

ბავშვების, როგორც ლამაზი საგნების, გამოყენებას, ტოკენიზმს უწოდებენ. ეს ინგლისური სიტყვაა და უმცირესობების ცრუ ჩართულობასა და ფორმალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ნიშნავს. როცა ბავშვი მიდის შეხვედრაზე, სადაც მის აზრს არ ისმენენ და პატივს არ სცემენ, ის სწორედ ცრუ ჩართულობის ანუ ტოკენიზმის მსხვერპლია.

სოციოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვის დანახვა პოსტერზე დადებით ემოციებს იწვევს და უკეთ განაწყობს პოტენციურ ამომრჩეველს მის მიმართ. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ბავშვის ხატით მანიპულირება ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც მხოლოდ საქართველოსათვის არ არის დამახასიათებელი.

პაატა ბურჭულაძის შეხვედრა წნორის მოსახლეობასთან. 29.09.16 ფოტო: პარტიის ფეისბუკ გვერდი

პაატა ბურჭულაძის შეხვედრა წნორის მოსახლეობასთან. 29.09.16 ფოტო: პარტიის ფეისბუკ გვერდი

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო პოსტერი.

თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო პოსტერი.

საქართველოში ბავშვების საარჩევნო აგიტაციაში გამოყენებას კანონი არ კრძალავს. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, პოლიტიკური პარტიები ხშირ შემთხვევაში თავს იმართლებენ, რომ ისინი ამომრჩეველს შეხვედრებზე ბავშვების მიყვანას ვერავის დაუშლიან და თუ მშობლები საკუთარი ნებით ბავშვებს პარტიის მაისურს ჩააცვამენ ან დროშას დააჭერინებენ, ეს თავად მშობლის პასუხისმგებლობაა. მაგრამ ბავშვი ასაკობრივი მოუმწიფებლობისა გამო ვერ აცნობიერებს კამპანიაში უნებლიე მონაწილეობის შედეგებს, ამიტომ ის დამატებით ზრუნვას საჭიროებს.

“ბავშვის უფლება არის რომ მან მონაწილეობა მიიღოს იმ პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, რომლებიც მას ეხება. როდესაც ბავშვებს რთავენ ისეთი ტიპის ღონისძიებაში, რომლის შესახებაც მათ შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები ინფორმაცია ან საერთოდ არ ჰქონდეთ, თავისთავად არ არის მიზანშეწონილი. ბავშვების მონაწილეობა ძალიან კარგი იმ საკითხებში, რომლებსაც პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ ცხოვრებაზე.

ყველა უნდა ეცადოს, რომ ბავშვების მაქსიმალური ინფორმირება მოახდინოს და ჰკითხონ მათ, სურთ თუ არა ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობა. ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა ერგებოდეს აქტივობები, რომლებშიც ისინი ერთვებიან.” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში საქართველოში UNICEF-ის (გაეროს ბაშვთა ფონდის) კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიული აკრძალვა არ მოქმედებს არც ერთ ქვეყანაში. ევროპის ქვეყნებში არსებობს უფრო მკაცრი რეგულაციები და ეთიკური ნორმები, რომლებსაც პოლიტიკოსები იცავენ.

არგანაშვილი ამბობს, რომ კიდევ ერთი მნიშნელოვანი უფლება, რომელიც ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში გამოყენებით შესაძლოა დაირღვეს, არის მათი პირადი ცხოვრების უფლება.

“გავა დრო და თავად ამ ბავშვებს გაუჩნდებათ პროტესტი და გადაწყვეტენ, რომ გაასაჩივრონ ეს ყველაფერი. მათი სახეები არის იდენტიფიცირებადი, შეიძლება მათი სახელები და საცხოვრებელი მისამართებიც კი გაჟღერდეს. განსაკუთრებით, სოციალური მედიის პირობებში,” – ამბობს არგანაშვილი.

ნინო ბურჯანაძე ხვდება ახალქალაქის მოსახლეობას. 05.10.16 ფოტო: პოლიტიკოსის ფეისბუკ გვერდი

ნინო ბურჯანაძე ხვდება ახალქალაქის მოსახლეობას. 05.10.16 ფოტო: პოლიტიკოსის ფეისბუკ გვერდი

ლეიბორისტული პარტია გურიაში. 29.09.16

ლეიბორისტული პარტია გურიაში. 29.09.16 ფოტო: პარტიის ფეისბუკ გვერდი

თუ ბავშვის სახის გამოყენება ბავშვის წარმომადგენლის ნებართვის გარეშე მოხდა, დღესაც შეუძლიათ ბავშვების წარმოამდგენლებს ამ ქმედებებისათვის პოლიტიკოსებს პასუხი მოსთხოვონ, თუმცა საქართველოში მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

მაგრამ თუ წარმომადგენელი თანახმაა და მოქმედებს ბავშვის ინტერესის წინააღმდეგ – ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაუცველი რჩება. ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ არღვევენ საკუთარი შვილების უფლებებს მათი სურათების გავრცელებით. მშობელი თუ თავად ვერ იცავს ბავშვს, მას უნდა იცავდეს არასამთავრობო სექტორი, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. მაგრამ საქართველოში ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის არ არსებობს გასაჩივრების მექანიზმი.

“ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მშობლის სურვილის გარეშე გავასაჩივროთ პოლიტიკოსების ქმედება და მოვითხოვოთ ამ პრაქტიკის აღკვეთა. ევროპისა და ამერიკის რიგ ქვეყნებში უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით შეიტანონ სარჩელი სასამართლოში და ბავშვის კანონიერი წარმოამდგენლის თანხმობა ამას არ სჭირდება.”

საქართველოში გაეროს მესამე დამატებითი ოქმის რატიფიკაცია მოხდა, რაც ბავშვებს აძლევს საშუალებას, გაეროში გააგზავნონ საკუთარი სარჩელი. ამ უფლებითაც ჯერ არავის უსარგებლია.

"ეროვნული ფორუმის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ქუთაისში. 25.09.16 ფოტო: პარტიის ფეისბუკ გვერდი

“ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ქუთაისში. 25.09.16 ფოტო: პარტიის ფეისბუკ გვერდი

დავით უსუფაშვილის შეხვედრა ხაშურის მოსახლეობასთან. 25.09.16 ფოტო: რესპუბლიკური პარტიის ფეისბუკ გვერდი

დავით უსუფაშვილის შეხვედრა ხაშურის მოსახლეობასთან. 25.09.16 ფოტო: რესპუბლიკური პარტიის ფეისბუკ გვერდი

“ბავშვების პოლიტიკურ კამპანიებში გამოყენების არსებული პრაქტიკა, ყველაფერთან ერთად, ხშირად არაკეთილსინდისიერი მოტივითაც ხდება. პოლიტიკოსები გვატყუებენ, რომ მათ აინტერესებთ ბავშვთა საკითხები. პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ფოტოებს ბავშვებთან ერთად იღებენ, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებენ ხელისუფლებაში და არ მახსენდება მათი მხრიდან გამოჩენილი რაიმე ინიციატივა ბავშვთა უფლებების დასაცავად,” – ამბობს უფლებადამცველი.

ანა არგანაშვილის თქმით, მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად და ბავშვთა უფლებების შესახებ მეტი ინფორმაციის გასავრცელებლად არასამთავრობო, უფლებადამცველმა ორგანიზაციემა შემეცნებითი შეხვედრებიც დაგეგმებს, თუმცა ერთჯერად შეხვედრებს განსაკუთრებული შედეგის მოტანა არ შეუძლია.

ივნისში, გაეროს ბავშვთა ფონდმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხების ჩართვისაკენ მოუწოდა.

ასევე, ამავე თემაზე იხილეთ სტატია “ნეტგაზეთის” არქივიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი