ახალი ამბებისაზოგადოება

UNICEF პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხების ჩართვისკენ მოუწოდებს

1 ივნისი, 2016 • 2030
UNICEF პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხების ჩართვისკენ მოუწოდებს

გაეროს ბავშვთა ფონდი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხების ჩართვისაკენ მოუწოდებს. სოციალური დაცვის სისტემა, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, კვების დეფიციტი, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, ბავშვთა სასჯელაღსრულების სისტემა – ეს იმ პრობლემატურ საკითხთა მოკლე ჩამონათვალია, რომელიც UNICEF-მა პარტიებისათვის მოამზადა.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ დრომდე ბავშვები და მათთან დაკაშირებული პრობლემები პარტიებისათვის პრიორიტეტული გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება, რაც მნიშნელოვნად აზარალებს არა მხოლოდ ბავშვების, არამედ საზოგადოების ინტერესს, შექმნას უკეთესი მომავალი.

საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლის, საშა გრაუმანის განცხადებით, ქვეყანაში შესამჩნევად გაუმჯობესებული სოციალური მგდომარეობის მიუხედავად, ბავშვები კვლავ რჩებიან საზოგადოებაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა მკაცრად განსაზღვროს საკუთარი სამოქმედო გეგმა ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. პროცესის საწყისი კი პრობლემატური საკითხების შესახებ დისკუსიის გახსნით ჩნდება.

“ქართულ საზოგადოებაში ბავშვები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არიან. მათ აქვთ უფლებები და ასევე, საჭიროებები. ამ უფლებების გათვალისწინება და მათი პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია, როგორც თავად მათთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის. ამიტომ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მათ ეს საკითხები საკუთარ სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინონ. ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა და საარჩევნო კამპანია იქნება არასრულყოფილი, თუ ის არ მოიცავს ბავშვებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს,” – აცხადებს გრაუმანი.

იუნისეფმა მათ მიერ შემუშავებულ საკითხებს პოლიტიკურ პარტიებს გააცნობს და მათგან შესაბამის მოქმედებასაც დააკვირდება.

როგორც საშა გრაუმანი აცხადებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში არასრულწლოვანთა საკითხები ძირითადი ორი მიზეზის გამო ვერ ხვდება: ბავშვები არ არიან პარტიების პირდაპირი ამომრჩეველი და იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ბავშვებს ეხება, შედეგს მოგვიანებით იძლევა, ამიტომ აქცენტი მოკლევადიან დაპირებებსა და სამოქმედო გეგმაზე კეთდება.

“მე ვხედავ 2 მიზეზს იმისას, თუ რატომ არ იკავებენ ბავშვები პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს: ბავშვები არ აძლევენ ხმას, რაც ჩემი აზრით, პოლიტიკოსების შეცდომაა. სამაგიეროდ, მათი მშობლები არიან ამომრჩევლები. ასევე, პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ბავშვებს, შედეგს იძლევა გრძელვადიან პერსპექტივაში. შედეგები მოდის საარჩევნო ციკლის მიღმა. იმ დემოგრაფიული პრობლემების, რომლებსაც ეს ქვეყანა აწყდება, აღმოფხვრა შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ. სწორედ ამიტომ, მაგალითად, როდესაც განათლებაზე საუბრობენ, უმჯობესია პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ საუბარი, რომელიც მაშინვე მისცემს ადამიანს საშუალებას, რომ დასაქმდნენ,” – აცხადებს უნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, რამაც არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გააუმჯობესა. თუმცა, საშა გრაუმანის თქმით, რეფორმები აზრს კარგავს, თუ მათ განხორციელებაში შესაბამისად გადამზადებული კადრები არ მიიღებენ მონაწილეობას.

“გასულ წელს ხელისუფლებამ მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის არის არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების სისტემაში ცვლილება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, ასევე, საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ეხება ბავშვთა მიმართ ძალადობას.”

უნისეფში ადრეული განათლების შესახებ კანონში ცვლილებას მიესალმებიან. საშა გრაუმანი ამბობს, რომ ამ რეფორმის მთავარი აზრი ბაღების სამზრუნველო დაწესებულებიდან საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაქმნაა, რაც სასურველ შედეგს ვერ მოიტანს მასწავლებელთა გადამზადების გარეშე.

“ამჟამად პარლამენტი განიხილავს ადრეული სწავლებისა და განათლების შესახებ კანონს, რომელიც მოახდენს სკოლამდელი განათლების სფეროს რეგულირებას. უნისეფი მოხარულია, რომ კანონის დამუშავების პროცესში რიგი ჩვენი რეკომენდაციებისა გათვალისწინებულია ამ პროცესში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ამ დრომდე არაფერი არეგულირებდა ამ საკითხს.

პრემიერ-მინისტრი 2 წლის წინ დაგვპირდა, რომ დაიწყებოდა მასწავლებელთა გადამზადება და ეს ჯერ არ მომხდარა. კანონი ვერ იმუშავებს, თუ არ იქნებიან კვალფიციურად მომზადებული მასწავლებლები,” – აცხადებს საშა გრაუმანი.

უნისეფის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვები უფრო მეტად არიან სიღარიბის რისკის ქვეშ, ვიდრე მოსახლეობის სხვა ნებისმიერი ჯგუფი. ქვეყანაში, ამ დროის მონაცემებით, 50 000 ბავშვი დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, 225 000 კი- 4.5 ლარს. ეროვნული ნუტრიციული კვლევის თანახმად, საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 23%-ს აღენიშნება ანემია, 11.3%-ს კი- ზრდაში ჩამორჩენა, რაც კვების დეფიციტით არის განპირობებული.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) მიხედვით, საქართველოში 15 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ორი მესამედი ვერ აკმაყოფილებს საბაზისო სტანდარტებს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი