საქართველო მიწვეული არაა ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება.

პროგრამის მიხედვით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზე მიწვეული არიან ალიანსის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები შემდევი ქვეყნებიდან: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ბაჰრეინი, ქუვეითი, ყატარი, გაერთიანებულ არაბთა საამიროები.

სამიტის სტუმრებს შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

საქართველო არ ფიგურირებს ნატოს სამიტის პროგრამაში, ასევე- თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმის დღის წესრიგში.

„სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთის“ კითხვას არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 ივლისს მაკა ბოჭორიშვილი თურქეთში მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში „მოკავშირეები ანკარაში“, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება. აღნიშნული ღონისძიება ნატოს სამიტის ნაწილი არაა.

ანკარის სამიტზე განსახილველ მთავარ თემებს შორისაა თავდაცვის ინდუსტრია, ინვესტიციები თავდაცვაში და უკრაინის მხარდაჭერა.