თავისუფალი დემოკრატების წევრი ვიქტორ დოლიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ გუშინდელი დანაშაული აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რადგან დასავლეთის ყურადღება ახლა საქართველოსკენ არის მომართული და ყოველ წუთას ველოდებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებას.
ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა კითხვაზე ძალიან სწრაფად გასცემს პასუხს და ისაუბრებს იმის შესახებ, არის თუ არა რაიმე პროგრესი გამოძიების მიმართულებით:
“რა თქმა უნდა, გასარკვევია, თუ ვის მოუვიდა თავში, გაბედა და განახორციელა. ეს ძალიან რთული და საფრთხის შემცველი თემაა. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაეცემა ყველა კითხვას პასუხი.”
მისი თქმით, დანაშაულს შესაბამის კვალიფიკაციას შესაბამისი სამსახურები მიანიჭებენ. დოლიძე ამბობს, რომ გუშინდელი დანაშაული ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია.
“ამას ტერორისტული აქტი ჰქვია თუ ნებისმიერი სხვა რამე, ამის კვალიფიკაციას მიანიჭებს შესაბამისი სამსახური, მაგრამ ეს არის უსწრაფესად გამოსაძიებელი. გარდა იმისა, რომ ეს დანაშაული ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია, ამავე დროს აფერხებს ქვეყნის განვითარებას. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დასავლური სამყაროს დამკვირვებლები დღეს საქართველოში იმყოფებიან, ვხვდებით ყოველდღე და რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ მათ – ყოველ წუთას შეიძლება მივიღოთ უვიზო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ევროკავშირთან და პარალელურად ამგვარი რაღაც ხდება ქუჩებში, მით უმეტეს, პარლამენტის წევრზე. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად გაეცეს ყველა კითხვას პასუხი,” – ამბობს ვიქტორ დოლიძე.
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 ადამიანი, აქედან ორი ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109–ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.