ახალი ამბები

ბერძენიშვილი აფეთქებაზე: ასეთი ქმედებებისგან უნდა დაგვიცვას სახელმწიფომ

5 ოქტომბერი, 2016 •
ბერძენიშვილი აფეთქებაზე: ასეთი ქმედებებისგან უნდა დაგვიცვას სახელმწიფომ

ასეთი ქმედება შეურაცხყოფს არა მარტო საქართველოს, ეს შეურაცხყოფს მთელ კაცობრიობას იმიტომ, რომ ადამიანის სიცოცხლის ტოლფასი არაფერია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების შეფასებისას ნეტგაზეთს განუცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, როდესაც დანაშაული მიმართულია მოქალაქეების წინააღმდეგ და საფრთხეში აგდებს ამდენ ადამიანს, შეიძლება ტერაქტად შეფასდეს, თუმცა ეს არის სამართალდამცველების პრეროგატივა. “რესპუბლიკელების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი ამბობს, რომ საქმე რაც შეიძლება სწრაფად და კვალიფიციურად უნდა გაიხსნას.

“ტერაქტის კვალიფიკაცია არის სამართალდამცველების საქმე, მაგრამ როდესაც რაიმე ტიპის დანაშაული მიმართულია მოქალაქეების წინააღდეგ და არა ერთი კაცის მოსაკლავად – აზიანებს ამდენ ადამიანს და საფრთხეში აგდებს, რა თქმა უნდა, ტერაქტი ჩნდება, მაგრამ ამის კვალიფიკაცია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სამართალდამცავების პრეროგატივაა. ჩვენ ტერაქტს ვერ დავარქმევთ იმიტომ, რომ ოფიციალური რამ გახლავთ და ჩვენი მხრიდან ეს იქნება მხოლოდ შეფასება. საქმე რაც შეიძლება სწრაფად, კვალიფიციურად და ცხელ კვალზე უნდა გაიხსნას იმიტომ, რომ ასეთი ტიპის დანაშაულის გახსნა შეუძლებელი არ არის; არსებობს უამრავი კამერა, უამრავი ჩანაწერი, არსებობს მონაცემები და სხვა,” – ამბობს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ასეთი ქმედება ხელს არავის აძლევს და შეურაცხყოფს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ კაცობრიობას, რადგან ადამიანის სიცოცხლის ტოლფასი არაფერია:

“იმის თქმა, რომ ამან თუ იმან გააკეთა, ძალიან ძნელია, ასევე არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს იმის ანგარიშს, თუ ვის აძლევს ხელს და ვის არა – ტერაქტი ხელს არავის აძლევს. საერთოდ, ასეთი ქმედება შეურაცხყოფს არა მარტო საქართველოს, ეს შეურაცხყოფს მთელ კაცობრიობას იმიტომ, რომ არაფერია ადამიანის სიცოცხლის ტოლფასი და ტოლფარდი: არც არჩევნები, არც პოლიტიკა, არც მმართველი პარტია, არც ოპოზიცია და არც დანარჩენი პარტიები… მოქალაქეები ქვეყანაში უნდა იყვნენ დაცულები. თითი გაშვერილი საით იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ასეთი ქმედებებისგან უნდა დაგვიცვას სახელმწიფომ, ეს სრულიად ბუნებრივია. ლაპარაკი არ არის, თუ ვინ ჩაიდინა ეს, ლაპარაკია იმაზე, როგორ ვიქნებით დაცული მოქალაქეები და როგორი იქნება გარემო.”

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთი ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანაში იმდენი იდიოტი ცხოვრობს, ვინ მოიფიქრა და განახორციელა ეს ქმედება, რთულია ამაზე ვარაუდი.

“გუშინდელი ქმედება უამრავი ვინმეს ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და საქართველოში იმდენი იდიოტი ცხოვრობს, რომ ვინ, რა მოიფიქრა და როგორ ჩაატარა, ამას ვარაუდებით ვერ გავიგებთ. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და პოლიტიკასთან რომ არის პირდაპირ კავშირში, არ იწვევს არანაირ ეჭვს. იმედია, ვინმე არ იტყვის, რომ გივი თარგამაძეს მისი ვალი ჰქონდა და ამიტომ მოხდა ეგ ამბავი,” – აცხადებს ბერძენიშვილი.

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ამავე პარტიის წევრისა და მოქმედი პარლამენტარის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 ადამიანი, აქედან ორი  ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს, ხოლო ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გივი თარგამაძის ამბობს, რომ მისი მანქანა გაზზე არ მუშაობს და დარწმუნებულია, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული აფეთქება, რომელიც დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განახორციელეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ შესაძლოა, აღნიშნულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი იყოს ჩართული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 (დანაშაულის მცდელობა) და 109–ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) მუხლებით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი