ახალი ამბები

რა ვიცით “გუგლის” ახალ სმარტფონ “პიქსელზე” მის ოფიციალურ პრეზენტაციამდე?

4 ოქტომბერი, 2016 • 2412
რა ვიცით “გუგლის” ახალ სმარტფონ “პიქსელზე” მის ოფიციალურ პრეზენტაციამდე?

ინტერნეტსივრცეში გაჟონა კორპორაცია “გუგლის” მიერ შექმნილი “პიქსელის” სმარტფონების ფოტოებმა. ფოტოები კომპანია “ქარფოუნ ვორჰაუსმა ”ტელეფონის პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

ახლად გავრცელებულ ფოტოებზე ვხედავთ ორი სხვადასხვა — საშუალო და დიდი (XL) ზომის სმარტფონებს. როგორც “გარდიანი” წერს, ორივე მოდელს “სნეპდრეგონის” 2.15 გიგაჰერციანი პროცესორი, 32 ან 128გბ ზომის შიდა მეხსიერება და 4 გბ-ის ზომის ოპერატიული მეხსიერება აქვს, რაც ნიშნავს, რომ მათი პროცესორი სწრაფად იმუშავებს.

“გარდიანის” ცნობითვე, მობილურების მთავარი კამერა თორმეტ, ხოლო წინა (სელფისათვის განკუთვნილი) კამერა – რვა  მეგაპიქსელიანი იქნება. დისპლეის ზომა პიქსელის სტანდარტული ზომის მოდელისათვის 1080, ხოლო დიდი ზომის მოდელისათვის – 1440 იქნება.

პიქსელის სმარტოფნის ახალი ფოტო. ფოტო: ანდროიდპოლისი

პიქსელის სმარტოფნის ახალი ფოტო. ფოტო: ანდროიდპოლისი

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ახალი ტელეფონები, თუმცა კიდევ ერთი ვებსაიტის, “ანდროიდპოლისის” პროგნოზით, საცალო გაყიდვებისას სტანდარტული ზომის 32გბ-იანი მოდელი 650$, 128-იანი — 750$, დიდი ზომის 32-იანი — 770$, ხოლო დიდი ზომის 128გბ-იანი მოდელი 870$ ეღირება. 

“გუგლი” მათ მიერ შექმნილი ახალი სმარტფონით “ეფლისა” და აიფონის მთავარ კონკურენტად იქცევა. “გარდიანის” ცნობით, ამჟამად “გუგლსაც” და “ეფლსაც” აქვთ შესაძლებლობა, განავითარონ კომპიუტერული ტექნიკა და, ამავე დროს, ეს ტექნიკა პროგრამულადაც უზრუნველყონ.

სმარტფონების მწარმოებლები, მათ შორის, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელი “სამსუნგი”, იყენებენ ანდროიდის ტექნოლოგიას, თუმცა პროგრამულად არ ავითარებენ და პროგრამირებაში მხოლოდ გარკვეულ დეტალებს ცვლიან.

“პიქსელის” სმარტფონების პრეზენტაცია დღეს, სამშაბათს, 4 ოქტომბერს იგეგმება ანდროიდების ახალი ოპერატიული სისტემის, “ანდროიდ ნუგას” 7.0 სერიასთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი