ახალი ამბები

რის დაფინანსებას ზრდის და ამცირებს მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით

3 ოქტომბერი, 2016 • 2085
რის დაფინანსებას ზრდის და ამცირებს მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით

იმის მიუხედავად, რომ 2017 წელს მოგების გადასახადიდან საბიუჯეტო შემოსავალი თითქმის ნახევარი მილიარდით მცირდება, ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 157 მლნ ლარით იზრდება.

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მლრდ 715 მლნ ლარით განისაზღვრა. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელიც 2017 წლიდან შედის ძალაში, დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რაც ამცირებს 2017 წელს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს დაახლოებით ნახევარი მილიარდით და შეადგენს 523 მილიონ ლარს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პროგრამის დაფინანსება. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 მილიარდ 330 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 31.5%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 413.0 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება;
  • ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის – 831.0 მლნ ლარი;
  • სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის – 30.0 მლნ ლარი.

“სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ გარანტიებზე ზრუნვა. პრიორიტეტი ითვალისწინებს პროგრამებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მთელი მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობა, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ხარისხი და უზრუნველყოს საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური გარანტიების შესაბამისი ბენეფიციარებისათვის შეთავაზება;პრიორიტეტი მიზნად ისახავს პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნას, რისთვისაც აუცილებელია სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხი; მუშაობის გაგრძელება დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების კუთხით და გაუმჯობესდეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ორგანიზება და მართვა სექტორის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით”, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა 2016 წელთან შედარებით (1 მლრდ 570 მლნ ლარი) იზრდება 1 მლრდ 665 მლნ ლარამდე, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ დაგეგმილია ზოგადად პენსიების ზრდა, არამედ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის/სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატის დაფინანსებით პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით.

რიგით მეორე პრიორიტეტულ მიმართულებად მთავრობა გამოყოფს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაფინანსებას.

“თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაგრძელდება თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და ინსტიტუციონალიზაცია, პერსონალის განათლება და წვრთნა, შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება, ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, დაინერგება თავდაცვის სფეროში განათლების მიღების ახალი პრინციპები; პრიორიტეტის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა წარიმართება დასავლური სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად”, – ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 743 მლნ 200 ათასი ლარია გამოყოფილი თავდაცვის სამინისტროსთვის, მაშინ, როცა 2016 წლის გეგმიური ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 670 მლნ ლარი.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რასაც მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით გამოყოფს, არის რეგიონული განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი.

“საქართველოს უკეთესი შიდა და საერთაშორისო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქვეყნის ზოგადი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება. ტურიზმის განვითარებასთან ერთად ქვეყანა ჩამოყალიბდება რეგიონულ ცენტრად; ქვეყნისათვის აქტუალურ თემად რჩება საგზაო, ენერგეტიკისა და წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ქვეყნის რეგიონული განვითარება”, – ნათქვამია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 მლრდ 86 მლნ 400 ათასი ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 663.0 მლნ ლარი;
  • რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის – 217.8 მლნ ლარზე მეტი;
  • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 200.4 მლნ ლარი;

რიგით მეოთხე პრიორიტეტულ მიმართულებად მთავრობა გამოყოფოს განათლებას, მეცნიერებასა და პროფესიულ მომზადებას.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია 555 მილიონი ლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 48 მილიონი ლარით აღემატება. მასწვალებელთა პროფესიული განვითარების სქემის მიხედვით, 2017 წელს მასწავლებელთა სახელფასო ზრდა უნდა განხორციელდეს. როგორც “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, მასწავლებლების ხელფასებისთვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტ თანხას მოითხოვს, რაც ბიუჯეტის პროექტის მეორე და მესამე განხილვის დროს აისახება მასში და 576 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

უწინდებურად პრიორიტეტული აღარაა სოფლის მეურნეობა, რამაც მთავრობის მიერ შედგენილ პრიორიტეტებში მეათე ადგილი დაიკავა.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 238 მლნ 140 ათასი ლარი, რაც 2016 წლის გეგმიურ მაჩვენებელს თითქმის 57 მილიონი ლარით ჩამორჩება. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისთვის გათვალისწინებულია 176 მლნ 444 ათასი ლარი, მაშინ, როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი იყო 251 მლნ 870 ათასი ლარი.

როგორც “ნეტგაზეთს” სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, ეს 57- მილიონიანი შემცირება უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის გაუქმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი