ახალი ამბები

სუს-ი ენმ-ის წევრებს დაკითხვაზე იბარებს, წიკალური და მინაშვილი კი მზად არიან, კითხვებს თავის ოფისში უპასუხონ

27 სექტემბერი, 2016 •
სუს-ი ენმ-ის წევრებს დაკითხვაზე იბარებს, წიკალური და მინაშვილი კი მზად არიან, კითხვებს თავის ოფისში უპასუხონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, დეპუტატებს: ნუგზარ წიკლაურსა და აკაკი მინაშვილს დღეს, 18:00 საათზე დაკითხვაზე იბარებს. საქმე ეხება დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს ენმ-ში განუცხადეს, ისინი წინასაარჩევნო რეჟიმში არიან და თუ სამართალდამცველებს მათთან კითხვები აქვთ, შეუძლიათ ოფისში მივიდნენ და იქ დაკითხონ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.

“მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ არის დამონტაჟებული ის აუდიომასალა, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარია მათი მხრიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შემუშავების შესახებ. სუს-ს ამ ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია.

აუდიომასალა, სათაურით სახელმწიფო გადატრიალების გეგმა! გამოქვეყნდა 2016 წლის 26 სექტმბერს  YOUTUBE-ზე, georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ არხზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერ პაატა ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

26 სექტემბერს გავრცელებულ აუდიომასალაში მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა ესაუბრება ენმ-ის წევრებს – აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი