ახალი ამბები

ნიკა გვარამიას განმარტებები პაატა ბურჭულაძესთან ფარულ აუდიოჩანაწერზე

14 სექტემბერი, 2016 • 2021
ნიკა გვარამიას განმარტებები პაატა ბურჭულაძესთან ფარულ აუდიოჩანაწერზე

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ დღეს ინტერნეტში გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელზეც მისი და პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბარია ჩაწერილი, ნამდვილად შედგა. 8 სექტემბერს გვარამია ბურჭულაძეს ვაშინგტონში დაუკავშირდა და ესაუბრა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის, “გირჩის” წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.

გვარამია დარწმუნებულია, რომ აუდიოჩანაწერი ინტერნეტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, რადგან, მისი თქმით, ჩანაწერის შინაარსის გასაჯაროება არც მისი და არც ბურჭულაძის ინტერესებში არ შედიოდა.

რაც შეეხება ჩანაწერის შინაარს, გვარამია ამბობს, რომ ის ბურჭულაძეს არ უთანხმებს მეგრელიშვილის განცხადებიდან გამომდინარე რუსთავი 2-შ0 სიუჟეტის მომზადებას, არამედ აფრთხილებდა, რომ ამის გაკეთებას გეგმავს და მოუწოდებს ბურჭულაძეს, გაერკვიოს საქმის ვითარებაში.

“მე არ ვუთანხმდები ბატონ პაატას, მე მას ვაფრთხილებ და საერთოდ მგონია, რომ უკანონო მიყურადების შემდეგ გასაჯაროებული საუბრის შინაარსის განხილვა ცოტა უხერხულია, მაგრამ მე მაინც გიპასუხებთ – მე ვუთახნმებდი მას და შევუთანმდები ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ვისთანაც პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე. თავისთავად ცხადია – ეს ასე ხდება ყველა ტელევიზიაში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ჩანაწერის გამოქვეყნების ინტერესი ჰქონოდა მეორე მხარეს, ანუ თავად პაატა ბურჭულაძეს? – გვარამია პასუხობს:

“რა ინტერესი უნდა ჰქონდეს პაატა ბურჭულაძეს? ყველაზე ნაკლებ სწორედ მას უნდა ამ საუბრის გამოქვეყნება. მაქსიმუმ მე თუ გამოვუქვეყნებდი და არ გამომიქვეყნებია, პირობას ვდებ,” – ამბობს ნიკა გვარამია.

ინტერნეტ სივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის  ჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერი ატვირთულია georgia-news.org-ის სახელწოდებით გახსნილ იუთუბ არხზე. უშუალოდ ვებ-გვერდზე georgia-news.org აღნიშნულია, რომ ის შექმნილია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომლებიც მუშაობენ რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა ჯერ აღნიშნული უწყებიდან განმარტებები იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა მათი მხრიდან გვარამიას ან ბურჭულაძის ტელეფონების მოსმენები ან როგორ მოხვდა ეს ჩანაწერები ინტერნეტში, არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი