ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთისთვის ხელსაყრელი და სანდო პრემიერი სომხეთში

27 სექტემბერი, 2016 •
რუსეთისთვის ხელსაყრელი და სანდო პრემიერი სომხეთში

სომხეთში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა რუსეთს სარგებელს მოუტანს.

2016 წლის 8 სექტემბერს ჰოვიკ აბრაჰამიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში იკავებდა. პრემიერ-მინისტრის შეცვლაზე საუბარი მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ამავე დროს, აქტიურად განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ ახალი პრემიერ – მინისტრი კარენ კარაპეტიანი გახდებოდა, რომელიც 2010-2011 წლებში ერევნის მერი იყო, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციაში გადავიდა და სააქციო საზოგადოება “გაზპრომბანკის” პირველ ვიცეპრეზიდენტად დაინიშნა. მოგვიანებით, 2013 წლიდან კი, “არეკსიმბანკ-გაზპრომბანკ ჯგუფის” საბჭოს წევრი გახდა.

ის, რომ კარენ კარაპეტიანი პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი რეალური კანდიდატი იყო, აბრაჰამიანის გადადგომიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმაც განაცხადა. 13 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კარენ კარაპეტიანის პრემიერად დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

“კარენ კარაპეტიანი მოსკოვიდან გამოგზავნილი კანდიდატურაა, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს სომხეთის პოლიტიკურ წრეებთან, ოლიგარქებთან. ამ კუთხით ის სავსებით ხელსაყრელი და მართვადი კანდიდატურაა მოსკოვისთვის”, – ამბობს სომხეთის პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი აგასი ენოქიანი.

კარენ კარაპეტიანი; ფოტო: armenianweekly.com

კარენ კარაპეტიანი; ფოტო: armenianweekly.com

ენოქიანის აზრით, 17 ივლისის შემდეგ, როდესაც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, “სასნაცრერმა” პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავა, დღის წესრიგში ხელისუფლების შეცვლის საჭიროება დადგა:

”სასნაცრერის” მოვლენების დროს ქვეყნის შიგნით ძალიან იმატა დაძაბულობამ. სამედიცინო ჩვენებით ვიცით, რომ მაღალი წნევის დროს სისხლის გამოშვებაა საჭირო, ეს კი ფაქტიურად ჰოვიკ აბრაჰამიანის სახით მოხდა”.

“ვფიქრობ, “სასნაცრერის” ქმედებები იყო მხოლოდ საბაბი და არა მიზეზი. მიზეზი გაცილებით ღრმაა. ის სომხეთსა და რუსეთს  შორის წარმოქმნილ მზარდ პრობლემებში უნდა ვეძიოთ, რომლებსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვერ უმკლავდებოდა – ეს საკითხები იყო მოსკოვის პოლიტიკა აზერბაიჯანის შეიარაღების თემაზე, დაპირებული ინვესტიციები რუსეთის მხრიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ, გაზპრომთან დაკავშირებული პრობლემები, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა ენერგომწარმოებელი კომპანიებისთვის და მომხმარებლებისთვის ტარიფის მომატების მცდელობა. ასევე, პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის პოლიტიკის ჩავარდნასთან სომხეთში და საზოგადოებრივი რეაქციები.

ასევე, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ხელს აძლევს ისეთი ადამიანის მოყვანა, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი ენდობა და  რუსეთში სერჟ სარგსიანისა და სომხეთის პრობლემების მოგვარება შეეძლება”, – ამბობს სომხეთის საერთაშორისო საკითხებისა და უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი სტეფან საფარიანი.

დღეს სომხეთში ბევრი პოლიტოლოგი ირწმუნება, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნით რუსეთის ფედერაციის გუბერნიაში სომხეთის დაბრუნების სერიოზული საფრთხე გაჩნდა, თუმცა ეს საფრთხე წინა მთავრობისა და პრემიერი-მინისტრის დროსაც იგრძნობოდა.

“ჰოვიკ აბრაჰამიანის მთავრობამ ეს საუკეთესოდ მოახერხა. სომხეთი ყოყმანისა და ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე გაწევრიანდა ევრაზიულ კავშირში. ამჟამადაც მათი ამოცანაა, შთანთქონ სომხეთი. თუკი ადრინდელი ამოცანა იყო, უბრალოდ, სომხეთის სუვერენიტეტის შეზღუდვა, მისი ირანთან ურთიერთობის შეზღუდვა, ევროკავშირთან შეთანხმების არგაფორმება და ა.შ. ამჟამად ახალი, უფრო საშიში ამოცანაა დღის წესრიგში და შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი უკვე საუბრობს რუსეთ-ბელარუსის მსგავსი სომხეთ-რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

ამასთან, საჭიროა იმის გააზრება, რომ ევრაზიულმა კავშირმა მაინც ვერ შეძლო რიგ სფეროებში სომხეთის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის პოლიტიკური ცხოვრების და სამოქალაქო უფლებების სფეროებში, და შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი ღელავს იმ უარყოფითი განწყობის გამო, რაც სომხეთის საზოგადოებრივ სივრცეში გაჩნდა. ერთიანი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, სომხეთს არაფერს მისცემს, მის თავდაცვისუნარიანობას არ გაამყარებს, მაგრამ სხვა პოლიტიკურ სფეროებში რუსეთი ყველაფერს გააკონტროლებს  და სომხეთი ფაქტიურად რუსეთის გუბერნია გახდება”, – ამბობს საფარიანი.
“სომხეთის კოლონიზაცია ძლიერდება. გავიხსენოთ, რა მოხდა ბოლო დროს ამ კოლონიზაციასთან დაკავშირებით – ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა, რუსულ-სომხური გაერთიანებული ჯარების შექმნა, და სომხეთის პრემიერის პოსტზე რუსეთიდან კარენ კარაპეტიანის დანიშვნა”, – აცხადებს ენოქიანი.

პოლიტოლოგი გაგიკ გამბარიანი აღნიშნავს, რომ არ არის საჭირო ყურადღების მიქცევა იმ გარემოებაზე, საიდან ჩამოვა პრემიერ-მინისტრი – რუსეთიდან, აშშ-დან თუ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან. მისი აზრით, სომხები ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ერია, მისი ძირითადი ნაწილი დიასპორის წარმომადგენელია და სავსებით ნორმალურია, რომ პრემიერ-მინისტრი დიასპორიდან იყოს.

“ისეთი პრემიერი უნდა გვყავდეს, რომელსაც სამშობლო ეყვარება და პირველ ადგილზე სომხეთის მოქალაქეების კეთილდღეობის საკითხს დააყენებს იმიტომ, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს – ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ რეგიონში, ემიგრაციის დონე მაღალია, გვაქვს ცუდი შეიარაღება და მუდმივი პრობლემა შიდა და გარე პოლიტიკის სფეროში. ამ საკითხების გადაჭრისთვის საჭიროა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, და ვიმედოვნებ, რომ კარენ კარაპეტიანი შეძლებს ამ საკითხების მოგვარებას, რამდენადაც თავის დროზე ის თანამდებობას იკავებდა. ის ჭკვიანი ადამიანია და ასე უბრალოდ არ აიღებდა ასეთ პასუხისმგებლობას”.

გამბარიანის აზრით, კარაპეტიანის ერთ-ერთი პირობა, რომლის შესახებაც პრეზიდენტთან ისაუბრა, არის ის, რომ “ყველამ საკუთარი ადგილი უნდა იცოდეს, ხელისუფლებათან დაახლოებულ პირებმაც კი”.

პოლიტოლოგი იმედს გამოთქვამს, რომ კარენ კარაპეტიანი შეძლებს ოფიციალურ მოსკოვთან სწორად წარმართოს მოლაპარაკებები და მიახვედროს მას, რომ რუსეთის პოლიტიკა სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ანტისომხურია და არსებული საზოგადოებრივი განწყობის მიზეზი არის არა დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, არამედ ოფიციალური მოსკოვი და კაბინეტებში მჯდარი მისი ჩინოვნიკები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ამ განწყობების გასამყარებლად.

“ვიმედოვნებ, რომ კარენ კარაპეტიანის წყალობით ოფიციალური მოსკოვი მიიღებს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორია სომხეთში სოციალურ-ეკონომიკური სურათი, როგორი არასახარბიელო მდგომარეობაა, რამდენდაც ეს რუსეთის ფედერაციასაც უკავშირდება და ანტირუსულ განწყობას იწვევს. ჩვენთან სერჟ სარგსიანის ხელისუფლება აღიქმება, როგორც ოფიციალური მოსკოვის მიერ მოწონებული ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობდე მიიყვანა”.

გამბარიანის აზრით, კარაპეტიანს საშუალება ექნება რუსეთს დაანახოს, რომ ის, როგორც სომხეთის მოკავშირე, ვალდებულია ყველანაირად მხარი დაუჭიროს სომხეთს, ინვესტიციები განახორციელოს სომხეთში ისევე, როგორც აშშ ახორციელებს ამას ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში, უკრაინაში და სხვა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი