ახალი ამბები

საქართველოს ქალაქებიდან უკანონოდ მოქმედი სლოტ აპარატები ამოიღეს

22 სექტემბერი, 2016 • 2894
საქართველოს ქალაქებიდან უკანონოდ მოქმედი სლოტ აპარატები ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების ცნობით, თბილისში, გარდაბანში, რუსთავში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში – ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე, სხვადასხვა პირებს განთავსებული ჰქონდათ სათამაშო აპარატები, რომელთა მეშვეობით მართავდნენ აზარტულ თამაშებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.

სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. ,,სლოტ აპარატებს“ და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და 20-თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით, მოთამაშეს აძლევს მიზერულ მოგებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია 100-მდე სათამაშო აპარატი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი