ნეტგაზეთი | ახალი მტკიცებულება “კაბელების საქმეში” – სააპელაციო სასამართლომ განხილვა დაიწყო ახალი მტკიცებულება “კაბელების საქმეში” – სააპელაციო სასამართლომ განხილვა დაიწყო – Netgazeti
Batumelebi | RU

ახალი მტკიცებულება “კაბელების საქმეში” – სააპელაციო სასამართლომ განხილვა დაიწყო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ “კაბელების საქმის” განხილვა დაიწყო. დღეს, 21 სექტემბერს სასამართლო ძირითადად დაცვის მხარის შუამდგომლობებს ისმენდა, ხოლო შესავალ სიტყვებს მხარეები 13 ოქტომბერს წარმოთქვამენ.

საქმეს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატა მოსამართლეების – ნათია ბარაბაძის, ნათია ხოლოაშვილის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით. დღევანდელ სასამართლო პროცესს ხუთივე ბრალდებული ესწრებოდა. სხდომაზე დასასწრებად ასევე მივიდნენ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები: ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და ნინო გოგუაძე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ 3 შუამდგომლობა დააყენა, ორი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ხოლო ერთი  – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის აცილების საკითხი

სახელმწიფო ბრალდებას არც ერთი მოსამართლის აცილება არ მოუთხოვია, დაცვის მხარემ კი მოსამართლე მანუჩარ კაპანაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის შუამდგომლობის თანახმად, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ 2005 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოში სულხან მოლაშვილის მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევა დაადგინა. ადვოკატის განცხადებით, ვინაიდან ამ მოსამარლემ მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი განაჩენი გამოიტანა, არის საფრთხე, რომ ვერც კაბელების საქმეს განიხილავს ობიექტურად და პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს.

მანუჩარ კაპანაძე არ დაეთანხმა დაყენებულ შუამდგომლობას და განაცხადა, რომ ეს გარემოება არ წარმოადგენს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ საქმეზე არაობიექტური იქნება. იგი საქმიდან არც კოლეგიამ აიცილა.

პროკურორი ნინო აღლემაშვილი ამბობს, რომ ადვოკატების არგუმენტაცია არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველს წარმოადგენდეს, ვინაიდან ასეთი რამ კანონში არ წერია.

სააპელაციო სასამართლოში "კაბელების საქმეზე" მსჯავრდებულების ახლობლები პროცესის დაწყებას ელია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სააპელაციო სასამართლოში “კაბელების საქმეზე” მსჯავრდებულების ახლობლები პროცესის დაწყებას ელია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სახალხო დამცველის დაკითხვა “კაბელების საქმეზე”

მეორე შუამდგომლობა, რომელიც მსჯავრდებულთა ადვოკატებმა დააყენეს, ეხებოდა სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში “კაბელების საქმის” კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით წარდგენილ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრების მტკიცებულებად მიღებას, ასევე, სახალხო დაცმველის, უჩა ნანუაშვილის დაკითხვას.

“სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებაში, რომელიც სახალხო დამცველმა 31 აგვსტოს გამოაქვეყნა, საუბარია “კაბელების საქმის მსჯავრდებულების მიერ გასაჩივრებულ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლზე (მითვისება ან გაფლანგვა).

ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს ნორმა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად.

პროკურორები არ დაეთანხმნენ ამ შუამდგომლობას და განაცხადეს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრება არის მხოლოდ სამართლებრივი შეფასება და ეს არ შეიძლება, მტკიცებულებად ჩაითვალოს.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა – მათ მტკიცებულებად მიიღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენის მიერ წარდგენილი “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება. უჩა ნანუაშვილის დაკითხვის ნაწილში კი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამის მიზეზად კოლეგიამ დაასახელა ის მიზეზი, რომ “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება საჯაროა, მის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და ამიტომ არ უნდა დაიკითხოს სახალხო დამცველი.

“დელტასა” და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო გარიგების გავლენა “კაბელების საქმეზე”

დაცვის მხარის მესამე შუამდგომლობა შსს-ს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჯელიძის გამოკითხვის ოქმის საქმეზე მტკიცებულებად დართვას და კომპანია დელტასთან შსს-ს ურთიერთობის საკითხზე ბაჯელიძის დაკითხვას შეეხებოდა.

კომპანია დელტაკომი “კაბელების საქმეში” ფიგურირებს. პროკურატურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ამ სამუშაოებს დელტა შეასრულებდა, სახელმწიფოს კუთვნილი მილიონობით ლარი დაიზოგებოდა.

დაცვის მხარის განცხადებით, მათთან მივიდა გიორგი ბაჯელიძე, რომელმაც განუცხდა, რომ  2013 წელს შსს-ს გენინსპექციის დირექტორ ზვიად ჯანყარაშვილთან, მის მოადგილე აკაკი ჩხენკელთან და შსს-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსთან, ოთარ დანელიასთან შეხვედრაზე მას ჩხენკელმა მოსთხოვა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონის ავლით კომპანია დელტაკომთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. ბაჯელიძის განცხადებით, იგი შეხვედრაზე შეეწინააღმდეგა კონტრაქტის გაფორმებას და იკითხა, რომ შეეძლო თუ არა სხვა კომპანიებს, მაგალითად, “კავკასუს ონლაინს” და “სილქნეტს” ამ მომსახურების მიწოდება, რაზეც დანელიამ უთხრა, რომ შეძლებდა. თუმცა, დაცვის მხარის ცნობით, ბაჯელიძეს ჩხენკელმა ხაზგასმით განუცხადა, რომ კონტრაქტი მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპანიასთან უნდა გაფორმებულიყო.

“დელტაკომი მომჩივან მხარეს წარმოადგენს “კაბელების საქმეში” და ახლო კავშირები აქვს მთავრობასთან. როდესაც ბაჯელიძე დაიკითხებოდა, ის დაადასტურებდა, თუ როგორ აიძულებდნენ მას, ფასთა გამოკითხვის, ყოველგვარი კონკურსის გარეშე გაფორმებულიყო კონტრაქტი დელტაკომთან. ამით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმდა კონტრაქტი დელტაკომთან, თავდაცვის სამინისტრომ არ გაუფორმა კონტრაქტი დელტაკომს, ვინაიდან კონკურსის პირობებში დელტაკომმა ვერ წარმოადგინა ის პირობები, რაც იქნა წარმოდგენილი სხვა კომპანიის მიერ. აქედან გამომდინარე, ნათელია უმაღლესი ხელისუფლების პირების დაინტერესება და ლობირება დელტაკომის მიმართ,”- განაცხადა ლევან სამუშიამ.

სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ის არ აკმაყოფილებდა სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების დასაშვებობის სტანდარტს.

პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეთანხმება სასამართლისმიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც ბაჯელიძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხებოდა არა თავდაცვის სამინისტროში, არამედ შსს-ში განხორციელებულ შესყიდვას.

“მოცემულ საქმესთან მიმართებაში ბაჯელიძის შუამდგომლობა არ იყო შემხებლობაში,”- განაცხადა პროკურორმა.

აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ მომდევნო სხდომა 13 ოქტმობერს, 14:00 საათზე დანიშნა. ამ სხდომაზე მხარეებმა თავიანთი შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.


2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის  კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის ბრალდებით პრკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია დააკავა. ამას “თავისუფალი  დემოკრატების” ლიდერის, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ ორი მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, ბრალდებულებმა 2013 წელს “სილქენეტის” სასარგებლოდ თანხების გაფლანგვა განიზრახეს და დანაშაულის შესანიღბად ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასაყვანად საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადეს. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ მომსახურების და საქონლის შეძენა ბაზარზე გაცილებით შეღავათიან ფასად იყო შესაძლებელი შესყიდვაში მონაწილე სხვა კომპანიებისგან, თუმცა ამ პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ,,სილქნეტის“ სასარგებლოდ გაფლანგეს  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხები.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ შესყიდვაში მონაწილე ცხრა კომპანიას შორის “სილქნეტმა” ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა და სწორედ ამიტომ გაიმარჯვა ტენდერში. გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ვერ ასაბუთებს, თუ რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდათ მსჯავრდებულებს იმისთვის, რომ სილქნეტის სასარგებლოდ თანხა გაეფლანგათ. ასევე, ადვოკატების განცხადებით, დაუსაბუთებელია ბრალდების მტკიცება, რომ “დელტაკომი” ამ სამუშაოს 4 მილიონზე ნაკლებ ფასად შეასრულებდა.

2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულეს, საიამ განაჩენს უსამართლო და უკანონო უწოდა, ხოლო სხვა რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საქმეზე პოლიტიზებისა და მიკერძოების განცდა არსებობს.

განაჩენის გასაჩივრების პარალელურად, “თავისუფალმა დემოკრატებმა”  დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალების მოთხოვნით მიმართონ. ლევან სამუშიამ 21 სექტემბერს ნეტგაზეთს განუცხადა, რომ უკვე 100 000-ზე მეტი ხელმოწერა არის შეგროვებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი