ახალი ამბები

კობახიძე: პასუხისმგებლობის მქონე ყველა სუბიექტი შემოუერთდება მემორანდუმს

21 სექტემბერი, 2016 • 1553
კობახიძე: პასუხისმგებლობის მქონე ყველა სუბიექტი შემოუერთდება  მემორანდუმს

დღეს, 21 სექტმბერს “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო მემორანდუმის ტექსტი გამოაქვეყნა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მემორანდუმს ხელი მოაწერონ.

“ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა,  ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს,  ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.   წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე,” – აღნიშნულია მემორანდუმის ტექსტში.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ვინმე არ შეუერთდება მემორანდუმს, ეს იქნება იმის მკაფიო ნიშანი, თუ ვის, რა ზრახვები ამოძრავებს:

“დღესვე დავუგზავნით მემორანდუმის ტექსტს საარჩევნო სუბიექტებს. ვფიქრობთ, რომ პასუხისმგებლობის მქონე ყველა სუბიექტი შემოუერთდება მემორანდუმს. მემორანდუმს პირდაპირი იურიდიული ძალა არ აქვს. მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და საარჩევნო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მემორანდუმზე ხელმოწერის შემთხვევაში. თუ ვინმე მემორანდუმს არ შემოუერთდება, ეს იქნება პოზიციის დაფიქსირება და იმის მკაფიო ნიშანი, თუ ვის, რა ზრახვები ამოძრავებს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია- ვის, რა განზრახვა აქვს და რა მეთოდების გამოყენება სურს, ” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნება” ამ საკითხზე ნებისმიერი სახის კონსულტაციებისთვის მზად არის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი