ახალი ამბები

პრემიერი: საქართველომ თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღო

19 სექტემბერი, 2016 • 1472
პრემიერი: საქართველომ თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიიღო

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 19 სექტემბერს გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც  მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენაა მიმართული.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ უკვე მიიღო თავშესაფრის 4 000-ზე მეტი მაძიებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომელთა შორისაა უკრაინა, ერაყი, სირია, ეგვიპტე და სომალი. სწორედ დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები იყო შეხვედრის თემა, რომელზეც კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ იძულებით გადაადგილების საკითხი საქართველოსთვისაც აქტუალურია:

“საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყანაა და ჩვენც გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, მაგრამ ჩვენ მომავალშიც შევიტანთ წვლილს საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მიგრანტებისა და ლტოლვილების მასობრივი გადაადგილების მართვისკენ. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის პირობებში რამდენჯერმე განხორციელდა ეთნიკური წმენდა. დაახლოებით 400 ათასი ადამიანი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა სულ ოთხ მილიონს შეადგენს. საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე მავთულხლართების განთავსების პირობებში მათი შინ დაბრუნების პერსპექტივა არცთუ ისე იმედის მომცემია. ამასობაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველები ყოველდღიურად განიცდიან დისკრიმინაციას. უბრალოდ დაუშვებელია ამაზე და მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესებზე თვალის დახუჭვა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი