ახალი ამბები

საბერძნეთის საზღვართან 4 წლის მიგრანტი ბავშვი დაიღუპა

3 მარტი, 2020 • 847
საბერძნეთის საზღვართან 4 წლის მიგრანტი ბავშვი დაიღუპა

საბერძნეთის საზღვართან, კუნძულ ლესბოსთან, 4 წლის სირიელი მიგრანტი ბავშვი დაიღუპა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ათასობით მიგრანტს გზა გაუხსნა ევროპისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

საბერძნეთის პოლიციაში „გარდიანის“ წყაროს თქმით, გასაბერი ნავი, რომლითაც ბავშვი 50-მდე ადამიანთან ერთად მგზავრობდა, სპეციალურად გაჭრეს, რათა ეძულებინათ ბერძნული მხარე, სამაშველო ოპერაცია ჩაეტარებინა.

ლტოლვილების დიდი ნაკადი თურქეთის გავლით საბერძნეთისკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც ანკარამ სირიიდან ლტოლვილების ევროპისკენ მოძრაობას ხელი აღარ შეუშალა. თურქეთი ლტოლვილებს 2016 წლის მარტიდან აჩერებდა, ევროკავშირისგან მათ განსახლებაში წელიწადში 6-მილიარდიანი დახმარების სანაცვლოდ, თუმცა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ასე აღარ მოიქცეოდა, რადგანაც ევროკავშირმა პირობა დაარღვია.

მიგრანტების ნაკადის დაძვირს საპასუხოდ, საბერძნეთმა საზღვართან ამჟამად ელიტური დანაყოფები და დამატებითი სამხედრო ძალები გადაისროლა. როგორც საბერძნეთი აცხადებს, მოქმედებების მიზანი საზღვრების დაცვაა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მითსოთაკისმა ევროპელ პარტნიორებს მხარდაჭერა სთხოვა და განაცხადა, რომ სასაზღვრო რეგიონს ეწვეოდა ევროკავშირის წარმომადგენლებთან  – ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლიენთან და ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ჩარლზ მიჩელთან – ერთად.

როგორც „გარდიანი“ წერს, საბერძნეთის მმართველ პარტიაში მიგრანტების ნაკადს თურქეთის მთავრობის უმაღლეს დონეზე ორკესტრირებულ „შეტევად“ მიიჩნევენ.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი