ახალი ამბები

წინასაარჩევნო რეპი [VIDEO]

27 მაისი, 2012
წინასაარჩევნო რეპი [VIDEO]

“ბიძინა, ბიძინა”


კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა 27 მაისს თავისუფლების მოედანზე “გარეპა” – თავისი  სიტყვის დასრულების შემდეგ, ვიდრე მიკროფონს შვილს, ბერა ივანიშვილს გადასცემდა, მან რამდენიმე სტრიქონი წაიმღერა: “ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ბოლო იმედი არ არის წასული, მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ, ეს ოცნებაა ქართული.” წინასწაარჩევნო რეპმა აქციის მონაწილეები ააღელვა და სტვენა დააწყებინა. ისინი  სკანდირებდნენ : “ბიძინა, ბიძინა.”

 


აქციის რამდენიმე ათასი მონაწილე თავისუფლების მოედანზე 15.00 საათისთის შეიკრიბა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა სრულად დაიკავეს თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა კოლმეურნეობის მოედნამდე, ლეონიძის ქუჩა, რუსთაველის გამზირი – თავისუფლებიდან რუსთაველის თეატრამდე. ხალხის რაოდენობის გამო მოძრაობის ლიდერმა, ივანიშვილმა სცენამდე ძლივს მიაღწია.


“ჩვენ ვიწყებთ” , – ეს იყო კოალიცია “ქართული ოცნების” დღევანდელი აქციის ლოზუნგი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.


აქციაზე სიტყვით მხოლოდ ფეხბურთელი კახი კალაძე, საქართველოს ჰიმნის ავტორი დავით მაღრაძე, კოალიცია “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, შოთა ძაგნიძე და კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდნენ.


ივანიშვილმაც და კალაძემაც ახსენეს , რომ “ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას”. კალაძის თქმით, “თუ საჭირო იქნება შიშველი მუშტებით დავდგებით მამულის და სარწმუნოების დასაცავად”. ოპოზიციონერმა ფეხბურთელმა მოუწოდა პრეზიდნეტ სააკაშვილს , რომ ისწავლოს წასვლა.


“მეც თქვენსავით ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ, რომელსაც არ უნდა, რომ მუდამ კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი ჰყავდეს. მიშა, ხალხს აღარ სჯერა შენი, უნდა წახვიდე. უნდა ისწვალო წასვლა და არა გაქცევა, როგორც გარბოდი ბრძოლის ველიდან თუ პარლამენტიდან” ,- განაცხადა კალაძემ.

ივანიშვილმა თავის გამოსვლაში შემოდგომაზე გასამართ არჩევნებს ყოფნა-არყოფნის საკითხი უწოდა და “ქართული ოცნების” მოკლე პროგრამა წარმოადგინა.


მხარდამჭერების მსვლელობა


“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შეკრება თბილისში სამ ადგილას – ვაკის პარკთან,  დინამოს სტადიონთან და ავლაბრის მეტროსთან დაიწყეს. აქ დაურიგეს მომიტინგეებს ქართული ოცნების მაისურები, ჟილეტები და დროშები.  ამის შემდეგ მომიტინგეები სამივე ადგილიდან დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნისკენ. ავლაბრიდან ხალხს კახი კალაძე გაუძღვა, ვაკის პარკიდან კოალიცია “ქართული ოცნების ლიდერები”: ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი,  თეა წულუკიანი, მანანა კობახიძე, კახა შარტავა, ყოფილი მემარჯვენე დავით საგანელიძე, პარლამენტის წევრები გია ცაგარეიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ხოლო დინამოს სტადიონიდან გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, ეკა ბესელია, არჩილ კბილაშვილი, ლევან ჩიტაძე. თავად ივანიშვილი  ხალხს რუსთაველის გამზირზე შეუერთდა.


ხალხის რაოდენობის გამო მსვლელობამ შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის , თამარ მეფის და რუსთაველის გამზირზე, თუმცა მათთვის მსვლეობა არავის შეუზღუდავს – მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდაცავები არ ჩანდნენ. მსვლელობა მცირე ინციდენტით დასრულდა კოსტავას ქუჩაზე, სადაც გზის გადაკეტვა ტაქსის მძღოლმა გააპროტესტა.

ბურჯანაძე და ძმები გაჩეჩილაძეები


აქციას ჯერ ძმები გაჩეჩილაძეები და “სახალხო კრება” შეუერთდა, შემდეგ კი ნინო ბურჯანაძე.  კოალიცია  “ქართული ოცნების” ლიდერებმა ამის თაობაზე “ნეტგაზეთთან” კომენტარი გააკეთეს. ირაკლი ალასანიას თქმით, ეს “სოლიდარობის აქცია” იყო და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. ხოლო თინა ხიდაშელმა თქვა:  “ყველა ადამიანმა, ვისაც უნდა თავისუფლებისთვის იბრძოლოს, ქუჩა თავისუფალია და ყველასთვის ხელმისწავდომი”.


არც ბურჯანაძე და არც გაჩეჩილაძეები, ისევე როგორც კოალიციის სხვა ლიდერები აქციაზე სიტყვით არ გამოსულან. აქცია უჩველოდ მალე, ივანიშვილის სიტყვის და ბერას რეპის შემდეგ დასრულდა და მონაწილეები დაიშალნენ.

ოცნებების  გუდა


“მე დავწერე სამი ოცნება: პირველი- საქართველოს გაერთიანება, მეორე – მქონდეს სამუშაო და  მესამე- ხელისუფლებიდან წავიდეს დღევანდელი რეჟიმი”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მინაწილე ჟორა  ჩხარტიშვილმა.


მის მსგავსად ოცნებებს სპეციალურ ბუკლეტზე აქციის სხვა მონაწილეებიც წერდნენ.  ამ ბუკლეტების უმრავლესობაში, რაც “ნეტგაზეთის” რეპორტიორებმა ნახეს, მოქალაქეები #1 ოცნებად ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას წერდნენ.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდა აქტივისტები ამ ბუკლეტებს  ზურგჩანთებში აგროვებდნენ.


კითხვაზე, სად მიდის ხალხის მიერ დაწერილი ოცნებები, აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ყველა ოცნება თავს მოიყრის ივანიშვილთან და შემდეგ ის განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი