კითხვაზე, ხელისუფლებას პანიკის საფუძველი ხომ არ აქვს, დარჩიაშვილი აღნიშნავს, რა პანიკაზეა საუბარი, შეშფოთებას და რისკებს იწვევს რუსული ოკუპაცია და რუსული მანევრები: “ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმეს გათვლა ჰქონდეს არა არჩევნებზე, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობაზე. ჩვენ ამომრჩეველი მეტი გვყავს და ჩვენი ხედვა ამ ქვეყნის განვითარების არის ძალიან მკაფიო”.
დარჩიაშვილის აზრით, ეს ხალხმრავლობა აჩვენებს, რომ ეს იქნება ქვეყნისთვის კონკურენტული არჩევნების მომტანი.
“თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში განახორციელეს ჩვენმა ოპონენტებმა, ეს იქნება ქვეყნისთვის კონკურენტული არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ამომრჩეველი მეტი გვყავს და ჩვენი ხედვა ამ ქვეყნის განვითარების არის ძალიან მკაფიო. მათი ხედვები, მაპატიეთ, მაგრამ წარსულისკენაა მიმართული”, – აღნიშნავს დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილი ნინო ბურჯანაძის კოალიციის აქციაში შეერთებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა: “ღმერთმა მოახმაროთ ერთმანეთი. სამწუხაროა, რომ ამ კონკურენციას, რაც კარგია ქვეყნის განვითარებისთვის, არა მომავალზე ორიენტირებული ალტერნატიული ძალა, არამედ წარსულზე მომტირალი, კლანურ–ფეოდალურ წყობაზე მომტირალი ადამიანების დიდი ჯგუფი წარმოადგენს”.