ახალი ამბები

“სოციალისტური საქართველოს” წევრს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა

19 სექტემბერი, 2016 • 1470
“სოციალისტური საქართველოს” წევრს 150 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს”  სასამართლოს მენეჯერმა, ნანა თეთრაულმა განუცხადა.

როგორც დაზარალებული ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, ის სასამართლოს სხდომაზე არ დაუკითხავთ:

“რატომ არ ჩათვალა საჭიროდ პროკურატურამ ან მოსამართლემ, რომ დავეკითხე სასამართლო პროცესზე? რატომ ჩაატარეს დაზარალებულის ჩუმად პროცესები? იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომლებიც ევრძვიან დასავლურ ღირებულებებს და იცავენ პუტინის მონებს საქართველოში, რადგან პუტინის მთავარი მოკავშირე სოლოლაკის შუშის სასახლეში ზის, რომლის მმართველობაც 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვებაში შემდეგ ოთხ წელში აღარ გვექნება სახელმწიფო და ვიქნებით რუსეთის გუბერნია,”- წერს რომან ქევხიშვილი.

4 აგვისტოს თელავში “სოციალისტური საქართველოს” წევრები და კონტრაქციის მონაწილეები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.    რა დროსაც შს სამინისტრომ  ყრილობის მონაწილე ერთი პირი დააკავა.  გამოძიება 125-ე მუხლით [ცემა] მიმდინარეობდა. ამ მუხლის თანახმად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი