კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” დღევანდელი აქციისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სცენა უკვე დაამონტაჟა.
როგორც კოალიციის პრესცენტრში აცხადებენ, ყველა საორგანიზაციო საკითხი აქციის გამართვასთან დაკავშირებით უკვე მოგვარებულია, დედაქალაქის მერიამ კი, როგორც კოალიციის პრესცენტრში განმარტავენ, სცენის დამონტაჟების უფლება ორი დღის წინ, 25 მაისს მისცა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადებით მიმართა ოთხ არასამათავრობო ორგანიზაციას და აცნობა, რომ მათ თბილისის მერიამ უარი განუცხადა მიმდინარე წლის 27 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დაგეგმილი ფართომასშტაბიანი მანიფესტაციისათვის სცენის მოსაწყობად ადეკვატური დროის გამოყოფაზე.
რის შემდეგაც ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, (1.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2. საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო, 3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და 4. კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“) მერიას განცხადებით მიმართა.
ხელმომწერი ორგანიზაციები განმარტავდნენ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების თანახმად, შეკრების უფლების განხორციელების დროს სახელმწიფო ვალდებულია არა მარტო არ ჩაერიოს ამ უფლების განხორციელებაში, არამედ მიიღოს ზომები, რათა ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.
არასამთავრობოების ცნობით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.“ ამ შემთხვევაში წინადადება „თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“ ფართოდ უნდა განიმარტოს. კერძოდ, როდესაც დემონსტრაციის სათანადოდ ჩასატარებლად საჭიროა ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა დასამონტაჟებლად აუცილებელია წინასწარი სამუშაოების ჩატარება და ამის განხორციელება შეუძლებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის გარეშე, ასეთი ქმედება უნდა ჩაითვალოს სავალი ნაწილის გადაკეტვად, რომელსაც „მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა“. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება დემონსტრაციის სათანადო ორგანიზება, რაც გამოიწვევს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლების დარღვევას.