”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო ანგარიშის შესახებ საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ანგარიშში შევიდა „ქართული ოცნების“ სენაკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის რევაზ ხულორდავასა და გარდაცვლილი პატიმრის, სერგო თეთრაძის საქმეები.
„ანგარიშის მიხედვით, არსებობს იმის უტყუარი ალიბი, რომ ხულორდავა უდანაშაულოა და რომ ის უკანონო პატიმარია. ანგარიშში საუბარია ასევე სერგო თეთრაძეზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს და რომელიც საკანში ფიზიკური ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებსაც.
დღესვე ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ”ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის ახალი ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია წარადგინა.
მისივე თქმით, 4 მაისს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად სერგო ჩაჩიბაიას დანიშვნა სიმბოლური იყო:
„იცით, რომ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი სერგო ჩაჩიბაია უკანონო პატიმრობაშია. მისი დანიშვნა შტაბის უფროსად მიუთითებდა იმას, რომ კოალიცია არ დატოვებს თავის თანამებრძოლებს მარტო. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და ოფისს სჭირდება ხელმძღვანელი, მინდა წარგიდგინოთ შტაბის ახალი ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია“.
მერაბ ქვარაია 2001 წლიდან ზუგდიდის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2003 წლამდე იყო „სახალხო პარტიის“ წევრი; 2003 წლის მოწვევის, არშემდგარი პარლამენტის წევრი პოლიტიკური მოძრაობა „აღორძინებიდან“. 2005 წლის 26 აგვისტოს დაპატიმრებული იქნა. მას ბრალი ედებოდა 2001 წელს ზუგდიდის საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით. მერაბ ქვარაიამ მსაჯვრის მოხდის შემდეგ საპატიმრო 2012 წლის 24 თებერვალს დატოვა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელ, სერგო ჩაჩიბაის, სამართალდამცავებმა 25 მარტს ზუგდიდის ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში უცხო პირთან შელაპარაკებისას დააკავეს. კოალიციის წევრები სერგო ჩაჩიბაიას დაკავებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ და მას პოლიტპატიმარს უწოდებენ. ჩაჩიბაიას ბრალი ედება ცივი იარაღის ტარებაში და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია 4 მაისს, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელად დაასახელა.