ახალი ამბები

ყაზტრანსგაზ-თბილისი: მომატებული გაზის სუნის გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს

14 სექტემბერი, 2016 • 2371
ყაზტრანსგაზ-თბილისი: მომატებული გაზის სუნის გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს

თბილისის მოსახლეობა დილიდან გაზის საგრძნობად მომატებული სუნის შესახებ საუბრობს, თუმცა “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ბუნებრივი აირისთვის დამახასიათებელი სუნის მიცემა მუდმივად ხორციელდება, რათა გაზის გაჟონვის აღმოჩენა მარტივად მოხდეს.

“თბილისში გაზის სუნის საგრძნობ მომატებასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას გვინდა განვუმარტოთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ მუდმივად ხორციელდება ბუნებრივი აირისათვის დამახასიათებელი სუნის მიცემა სპეციალური ნივთიერების (ოდორანტის) დამატების საშუალებით, იმ მიზნით, რომ მარტივად მოხდეს ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა. ოდორიზაციის პროცესზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

როგორც “ყაზტრანსგაზ–თბილისი” აცხადებს, ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. კომპანია მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულის გამო, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საავარიო-სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალურ ნომერზე (114), ქოლცენტრის ნომერზე (2404004), ასევე გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) აბონენტთა ზარებმა მკვეთრად მოიმატა. შესაბამისად, აბონენტებს ზარის მოლოდინში უწევთ მოცდა. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გთხოვთ, აუცილებლად დაელოდოთ ოპერატორის პასუხს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ არც ერთი ზარი დარჩება რეაგირების გარეშე და კომპანიის საავარიო სამსახური უმოკლეს ვადებში მივა დაფიქსირებულ გამოძახებაზე.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, საავარიო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის ონკანები და გაანიავონ შესაბამისი ფართი. გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები აბონენტებს უმოკლეს ვადაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი