ახალი ამბები

ხიდაშელი წყლის კოლექტორების რეაბილიტაციის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს

19 მაისი, 2012 • 1071
ხიდაშელი წყლის კოლექტორების რეაბილიტაციის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს წევრმა და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა.

თინა ხიდაშელი საკრებულოს ხვალინდელი საგანგებო სხდომისთვის დოკუმენტაციას ითხოვს ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც ბოლო წლებში წყლის სისტემის გაუმჯობესებისთვის ტარდებოდა.

 
“ხვალ საკრებულოს სხდომაზე საგანგებო რეჟიმში საკრებულოს აუცილებლად უნდა მოახსენოს ყველა შესაბამისმა თანამდებობის პირმა ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რაც ამ პერიოდში ტარდებოდა თბილისში წყლის სისტემის გამართულად მუშაობისთვის როგორც ”თბილისის წყლის” მხრიდან, ანუ კომერციული ორგანიზაციის მხრიდან, ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან. ამასთანავე, მოვითხოვთ, რომ თბილისის საკრებულოს წარმოუდგინონ ასლები ყველანაირი დოკუმენტისა, რომელიც 2008 და 2010 წლებში წყლის კოლექტორების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩატარებული ტენდერის შესახებ არსებობს. როგორც ტენდერის პირობები, ასევე, გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაცია, ხარჯთაღრიცხვა და გაკეთებული სამუშაოების შესახებ ანგარიში და ინფორმაცია”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის შესწავლა აუცილებელია იმისთვის, “რომ თბილისელებმა იცოდნენ სინამდვილეში, რის გამო მოხდა ის უბედურება, რაც ამ ოჯახებს და ასევე მთელ ქალაქს დაატყდა თავს.”

ხიდაშელის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომა არანაირ შედეგს არ გამოიღებს:

“ამ ინფორმაციის და დოკუმენტაციის გარეშე ხვალინდელი საკრებულოს სხდომა იქნება ზუსტად ისეთი, როგორც ამ ორი წლის განმავლობაში ტარდება, როცა ჩვენ რაღაცაზე ვილაპარაკებთ და მერე დავიშლებით და არაფერი შედეგი აქედან არ იქნება.”

თბილისის საკრებულოს საგანგებო სხდომა ხვალ ჩატარდება, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ შოშიაშვილის თქმით, სხდომაზე დეტალურ ხარჯთაღრიცხვას წარმოადგენენ:

“მოწვეულია საგანგებო სხდომა, რადგან მოქალაქეებს ჭირდებათ დროული დახმარება, დღეის მდგომარეობით 400–მდე ოჯახია დაზარალებული. ჩვენ გვაქვს ყველა ინფორმაცია დაზარალებულებზე და იმაზე, თუ რა თანხაა საჭირო მათ დასახმარებლად. ყველა ხარჯი იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი