ახალი ამბები

სტოლტენბერგი: რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ნატო გაფართოებას აგრძელებს

7 სექტემბერი, 2016 • 1539
სტოლტენბერგი: რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ნატო გაფართოებას აგრძელებს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს გაფართოების საკითხში მესამე მხარე ვერ ჩაერევა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოსწონს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება, ნატო ამ პოლიტიკას მაინც აგრძელებს:

“ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ის, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია საკუთარი არჩევანის თვალსაზრისით იმოძრაოს მომავალი განვითარებისთვის. ყველა სუვერენული ქვეყნისთვის და დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, აღნიშნული წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას – გააკეთოს არჩევანი, იყოს ალიანსის წევრი, ან პირიქით. ეს გახლავთ დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. საქართველო გახდება თუ არა ნატოს წევრი, ეს არის ნატოს 28 წევრი ქვეყნის და საქართველოს გადაწყვეტილება, არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია არც ვეტოს და არც ამ პროცესში ჩარევის უფლება. ამას რეგულარულად უსვამს ხაზს ნატო.

ნატოს კარი ღიაა და ამის დემონსტრირება მრავალჯერ მოხდა. მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, რომ მას ნატოს გაფართოვება არ მოსწონს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას, 28-დან 29 წევრი ქვეყნის მიმართულებით ვმოძრაობთ იმიტომ, რომ მონტენეგრო 29-ე წევრი უნდა გახდეს, რაც იმის დემონსტრაციაა, რომ ნატოს კარი ღიაა. ეს ეხება საქართველოსაც, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ბუქარესტში და ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ეს გადაწყვეტიება ვარშავის სამიტზე”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად დღეს, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.  ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც საქართველოში მეოთხედ იკრიბება.

საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი