ახალი ამბები

სტოლტენბერგი: საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ველოდებით მომავალ არჩევნებს

7 სექტემბერი, 2016 • 1338
სტოლტენბერგი: საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ველოდებით მომავალ არჩევნებს

“საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების მოთხოვნებს”,- ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

“თქვენი მხარე აგრძელებს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ეხმარება საქართველოს, დაუახლოვდეს ნატოს. ნატოს სამიტზე ვარშავაში ნატოს ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს, საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების მოთხოვნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანია ნატოსთვის, რადგან ნატო, ეს გახლავთ ღირებულებებზე დამყარებული ერთობა, რაც მოიცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას”,-განაცხადა სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

NATO Secretary General visits Georgia

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. @epa ზურაბ ქურციკიძე, 07.09.2016

სტოლტენბერგი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად დღეს, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.   ჩრდილოატლანტიკური საბჭონატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც საქართველოში მეოთხედ იკრიბება.

საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი