ახალი ამბები

გიგიაძე: ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმზე საკითხს კენჭს სავარაუდოდ ოქტომბრში უყრის

2 სექტემბერი, 2016 • 1835
გიგიაძე: ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმზე საკითხს კენჭს სავარაუდოდ ოქტომბრში უყრის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის განცხადებით, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში ეყრება. პლენარულ სხდომამდე ამ საკითხს 5 სექტემბერს გაიტანენ კენჭისყრაზე ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტზე, სადაც გიგიაძე იმედოვნებს, რომ პროცესი საქართველოს სასიკეთოდ დასრულდება.

“5 სექტემბერს გაიმართება ევროპარლამენტში LIBE-ს კომიტეტის შეხვედრა, სადაც საქართველოს შესახებ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და პოლიტიკური განზომილება წარმატებით გაგრძელდეს, რასაც ჩვენ მივესალმებით. ამის შემდეგ, როგორც თქვენთვის ცნობილია, მუშაობა გაგრძელდება ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ თვის მანძილზე ყველა ის ეტაპი, რომელიც გასავლელი დარჩა, წარმატებით დასრულდება. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მომდევნო თვის დასაწყისში ჩაინიშნება ამ საკითხზე მსჯელობა”, – განაცხადა გიგიაძემ დღეს, 2 სექტემბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

საქართველოს სავიზო რეჟიმის განხილვა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟმის გაუქმებისთვის გარდა ევროპარლამენტის მხარდაჭერისა ასევე სჭირდება საბჭოს მწვანე შუქი.

უცნობია, როდის მოხერხდება ამ ყველაფრის დასრულება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კუთხით ახსენა “ადრეული შემოდგომა”, ხოლო თბილისში ვიზიტისას გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანკ ვალტერ შტაინმაირემა – სექტემბრის მეორე ნახევარი. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით კი, ევროკავშირის საბჭოში ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მოსალოდნელია ოქტომბერში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას 2017 წლის 1 იანვრიდან შეძლებენ.

“სრულად როდის დასრულდება? რთულია ამაზე საუბარი მაგრამ იმის გათვალისიწნებით, რომ დინამიკა პოზიტიურია, გვაქვს მოლოდინი, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დასრუდლება”, – გვითხრა დღეს გიგი გიგიაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი