ახალი ამბები

აუდიტის სამსახური: პაატა ბურჭულაძის პარტიამ 4 პირისგან უკანონო შემოწირულობა მიიღო

2 სექტემბერი, 2016 • 2376
აუდიტის სამსახური: პაატა ბურჭულაძის პარტიამ 4 პირისგან უკანონო შემოწირულობა მიიღო

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, პოლიტიკურმა პარტიამ, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის”, 4 პირისაგან მიიღო უკანონო შემოწირულობა 19 500 ლარის ოდენობით. აუდიტის სამსახურის ცნობითვე, აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები და ვერც გამოკითხივს პროცესში ვერ დაადასტურეს შემოსავლების არსებობა.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიას თანხა შესწირეს გიორგი კლდიაშვილმა (5 000 ლარი), ლევან ფირცხალავამ (5 000 ლარი), ალექსანდრე გაფრინდაშვილმა (4 500 ლარი) და დავით კახურაშვილმა (5 000 ლარი). საუბარია, ჯამში, 19 500 ლარზე.

როგორც მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია ამბობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოკითხა შემომწირველები, თუ საიდან ჰქონდათ მათ შესაბამისი შემოსავალი: “ვთვლით, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი საკუთარი სახსრები აღნიშნული შემოწირულობის განსახორციელებლად და ვითხოვთ აკრძალული შემოწირულობის განხორციელების მოტივით ორმაგი ოდენობის ჯარიმას 39 000 ლარის ოდენობით”, – განაცხადა დღეს, 2 სექტემბერს, მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღესვე აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიის, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”, 183 ლარით დაჯარიმებაც მოითხოვა, რადგან, უწყების მტკიცებით, პარტიამ 91 600 ლარის ოდენობით მიიღო აკრძალული შემოსავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი