ახალი ამბები

აუდიტის სამსახური “პატრიოტთა ალიანსის” 183 200 ლარით დაჯარიმებას მოითხოვს

2 სექტემბერი, 2016 • 1668
აუდიტის სამსახური “პატრიოტთა ალიანსის” 183 200 ლარით დაჯარიმებას მოითხოვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, სასამართლოს “პატრიოტთა ალიანსისთვის” 183 200 ლარით დაჯარიმებას მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ დღეს, 2 სექტემბერს განაცხადა,

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” 91 600 ლარის ოდენობით აკრძალული შემოსავალი მიიღო.  საქმის შესწავლის შედეგად აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ეს მესამე პირის საშუალებით განხორციელებული ქმედებაა.

უწყების მტკიცებით,   “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, კონსტანტინე მორგოშიამ, კანონით დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლის მიზნით, მისი კუთვნილი თანხა (91 600 ლარი) გადაანაწილა სხვა პირებზე [ნინო გოზალიშვილი – 40 ათასი ლარი; გიორგი მორგოშია- 51 ათას 600 ლარი], რათა მათ ეს თანხა პარტიისთვის შეეწირათ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ  კანონის 27-ე მუხლის პრიველი პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან  მიღებული შემოწირულობის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს წელიწადში.

როგორც მთავარი აუდიტორი, ლაშა თორდია ამბობს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოკითხა შემომწირველები, თუ საიდან ჰქონდათ მათ შესაბამისი შემოსავალი: “ამ შემთხვევაში გამოვავლინეთ შემომწირველები, რომლებმაც განახორციელეს მესამე პირისგან შემოწირულობა, შევადგინეთ შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც  სასამართლოს  მივმართავთ”, – განაცხადა ლაშა თორდიამ დღეს, 2 სექტემბერს, აუდიტის სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯარიმა შემოწირული თანხის ორმაგ ოდენობას, 183 200 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი