ახალი ამბები

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გააკრიტიკეს

1 მაისი, 2012 •
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გააკრიტიკეს

დღეს ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვას, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, მწვავე დისკუსია მოჰყვა აუდიიტორიის მხრიდან.  

შეხვედრის მონაწილეებმა, რომელთა შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, გააპროტესტეს საპარლამენტო უმრავლესობისა და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. შეხვედრის მონაწილეების დიდმა ნაწილმა მიუღებლად მიიჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რომლითაც საქართველოს პარლამენტის წევრად შესაძლოა აირჩეს 21 წელს მიღწეული პირი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ცენტრის” წარმომადგენელმა მურმან მალაზონიამ განაცხადა, რომ 21 წლის, „ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდები“, ხელისუფლებას გარკვეული დავალებების შესასრულებლად ჭირდება, ამიტომ, მისი თქმით, დაუშვებელია, ამ ასაკში ადამიანი სახელმწიფოს უმაღლეს მმართველობით სტრუქტურაში მონაწილეობდეს. 

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგის მარინა ბუაძის მოსაზრებამ, რომლითაც მან დადებითად შეაფასა ეს ცვლილება. მარინა ბუაძის თქმით,  ის მიესალმება ახალგაზრდების ჩართვას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა, დალი ბულიამ შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის მიმდინარე წლის იანვარში სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რადგან კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიას საჯაროდ გამოხატავდა. მან შეხვედრის დასრულებისთანავე კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლაშა თორდიას – შეექმნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს პრობლემები წინასაარჩევნო პერიოდში.

„კი, შეექმნება. მას არ აირჩევენ,“ – უპასუხა თორდიამ.

თორდიას თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი მიღწეულია:

„ყველა შეხვედრა, რომელიც ამ საკითხზე ჩატარდა, საინტერესო იყო, რადგან მოვისმინეთ მოსახლეობის აზრი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერებული მოსაზრებები გახდება ჩვენი მსჯელობის საგანი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა თორდიამ. 

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ზუგდიდში ჩატარებულმა შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა:

„მოქალაქეთა აქტიურობა ცხადხჰყოფს, რომ ზუგდიდი მზად არის ცვლილებებისთვის და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ძალიან წარმატებულად ჩაივლის“.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვას ზუგდიდში ესწრებოდა შეხვედრის ორგანიზატორი ორგანიზაციის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო. მისი განცხადებით, NDI ხშირად უკეთებს მსგავს შეხვედრებს ორგანიზებას, რითაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში. ლუის ნავარომ უკვე გამართული შეხვედრების კომენტირებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ NDI შეფასებებისგან თავს იკავებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებითა და აშშ–ის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საყოველთაო–სახალხო განხილვა უკვე ჩატარდა რუსთავში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. ბოლო შეხვედრა ახალციხეში 2 მაისა არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი