ახალი ამბები

იზორიას თქმით, საზღვაო წვრთნებს ინსტრუქტორის სერტიფიკატის არმქონე პირები ატარებდნენ

31 აგვისტო, 2016 • 1698
იზორიას თქმით, საზღვაო წვრთნებს ინსტრუქტორის სერტიფიკატის არმქონე პირები ატარებდნენ

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საზღვაო სპეცდანიშნულების წვრთნები შეჩერებულია, რადგან თავდაცვის სამინისტროში არ არსებობს წვრთნების ინსტრუქტორის სერტიფიკატის მქონე ინსტრუქტორი. სწორედ აღნიშნული წვრთნების დროს შავ ზღვაში 16 აგვისტოს ორი სამხედრო მოსამსახურე გაუჩინარდა, რომელიც ამ დრომდე ვერ იპოვეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ე.წ.მყვინთავ მებრძოლთა კურსები 2011 წელს დაიწყო და ინსპექტირების პროცესში აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა გაწერილი პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართულიყო აღნიშნული წვრთნები:

“ყველა განვითარებულ ქვეყანაში, როდესაც წრთვნები ეხება თითოეული ადამიანის, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ჯარისკაცების უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, აუცილებელია მსგავსი პროცედურების არსებობა. თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში ინსტრუქტორის სერტიფიკატი, ხაზგასმით ვამბობ და არ აურიოთ მყვინთავის სერტიფიკატი და ინსტრუქტორის სერტიფიკატი, არ გააჩნდა იმ პიროვნებებს, ვინც ახორციელებდა ამ წრთვნებს. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს უწყებაში დამატებით მოვიძიეთ, თუ ამ 6-7 წლის განმავლობაში ოფიციალურად არსებობდა ინსტრუქტორი, რომელსაც ექნებოდა სერტიფიკატი. სამწუხაროდ, ასეთი ვერ აღმოვაჩინეთ. დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ყველა მსგავსი წვრთნები შეჩერდეს დროებით. მოხდეს სრული მონიტორინგი იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები,”- განაცხადა იზორიამ.

მან ჟურნალისტებთან 31 აგვისტოს არ ისაუბრა კონკეტული პირების ბრალეულობაზე და განაცხადა, რომ ამას პროკურატურა გასცემდა პასუხს.

გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, შეკითხვებს მოკვლევა გასცემს პასუხებს:

“იმის თქმა, რომ სერტიფიკატები არ ჰქონდათ და არ ჰქონდათ ეს სასწავლო პროგრამები, არ იქნებოდა ზუსტი. ვინაიდან მათ [ინსტრუქტორებს] გააჩნიათ სერტიფიკატები. არსებული სერტიფიკატი რამდენად ითვალისწინებდა კონკრეტული სწავლების ჩატარების თუ კონკრეტული მეცადინეობის ჩატარების უფლება-შესაძლებლობებს, რომელიც ასევე უნდა დადასტურდეს, თუ რა კურსია, რა სასწავლო დისციპლინები აქვთ გავლილი ამ მყვინთავებს, იმიტომ, რომ მათ  ყველას აღებული აქვთ მყვინთავის საერთაშორიო სერტიფიკატი, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თურქეთში ძირითადად. პროგრამა არსებობს, რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნულ პირობებს, რამდენად იყო სწორედ გადმოტანილი და ა.შ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, მოკვლევის საკითხია”,- ამბობს კაპანაძე.

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდი სამხედროების გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს ჩაერთო, როგორც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებდა, ხომალდი მინიმუმ 3 დღის განმავლობაში მიიღებდა ძებნის ოპერაციაში მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ 11 დღის მანძილზე დარჩა შავი ზღვის აკვატორიაში. მანამდე სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა. ამჟამად თავდაცვის სამინისტრო ადგილობრივი რესურსებით აგრძელებს დაკარგული სამხედროების ძიებას.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია. თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი