კომენტარი

რას შეცვლის უკრაინისთვის ტანკების გადაცემა? — 3 ქართველი გენერლის მოსაზრება

26 იანვარი, 2023 • 2616
რას შეცვლის უკრაინისთვის ტანკების გადაცემა? — 3 ქართველი გენერლის მოსაზრება

კიევის მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ, 25 იანვარს გერმანიამ და აშშ-მა თავიანთი წარმოების მთავარი საბრძოლო ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ განაცხადეს. პირველ ეტაპზე გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის, აშშ კი — 31 M1 Abrams-ს.

გერმანული წარმოების ტანკებს უკრაინელებს სხვა ევროპელი პარტნიორებიც გადასცემენ. „ლეოპარდებით“ დაგეგმილია ორი სატანკო ბატალიონის სწრაფად შეკრება.

მარტის ბოლოს უნდა ჩავიდეს უკრაინაში 14 ბრიტანული Challenger 2.

„ეს არის სამი საუკეთესო ტანკი მსოფლიოში“, — ამბობს თავდაცვის ძალებისა და გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია „ლეოპარდ 2-ის“, „აბრამსისა“ და „ჩელენჯერის“ შესახებ.

„ნეტგაზეთმა“ ქართველ გენერლებს ჰკითხა, რას შეცვლის ტანკების გადაცემა ბრძოლის ველზე?

ვლადიმერ ჩაჩიბაია: „რაც ჩემთვის არის ცნობილი, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი და პოლონეთი პირველ ეტაპზე უკრაინისთვის 137 „ლეოპარდ 2“-ის გადაცემას გეგმავენ. მძიმე შეჯავშნულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთანაც. ასევე, საუბარია „მიგ 29“ ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე სლოვაკეთის მხრიდან. ამერიკის დახმარების პაკეტის ფარგლებში, „აბრამსების“ გარდა, საუბარია 8 „ავენჯერის“ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, 59 „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე, 90 ჯავშანტრანსპორტიორ „სტრაიკერზე“, 53 ნაღმსაწმენდ შეიარაღებაზე და დაახლოებით 350 სხვადასხვა ტიპის საავტომობილო საშუალებაზე. შესაბამისად, უკრაინელებს საკმაოდ სოლიდური დახმარება მიუვა. ეს მათ საშუალებას მისცემს, რიგ მიმართულებებზე მეტად გააქტიურდნენ და გარკვეული ტერიტორიები დაიბრუნონ“.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, პერსონალის მომზადებას დასავლური წარმოების ტანკებისთვის 1-2 თვე მაინც დასჭირდება, ტანკების უკრაინაში შეყვანას კი დამატებით მინიმუმ 1 თვე.

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია

„3-4 თვე მაინც იქნება საჭირო, რომ ის ჯავშანტექნიკა და შეიარაღება, რომელიც უკრაინისთვის გამოიყო, ბრძოლის წინა ხაზზე გაიყვანონ და ოპერაციებში ჩართონ. ეს მყისიერად ვერ მოხდება“, — ამბობს ჩაჩიბაია.

გენერალი ვარაუდობს, რომ მიღებულ მძიმე შეიარაღებას უკრაინა გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულისთვის გარკვეულ მიმართულებებზე კონტრშეტევებისთვის გამოიყენებს.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას აზრით, მთავარი გამოწვევა, რომელიც უკრაინის წინაშე დგას, ჯავშანტექნიკის ლოჯისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი იქნება, რადგან „ერთია, რასაც იღებ და მეორეა მათი შენარჩუნება“.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, იმედოვნებს, რომ გაზაფხულზე უკრაინა შეძლებს ტაქტიკური და ოპერატიული ინიციატივის ხელში ჩაგდებას.

ის იზიარებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის გათვლას [რომ უკრაინას წარმატებული კონტრშეტევისთვის 300 ტანკი, 600-700 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 500 ჰაუბიცა სჭირდება].

ვახტანგ კაპანაძე

დამატებით, კაპანაძის თქმით, საჭიროა იმ დანაკარგების შევსება, რომელიც უკრაინას აქვს ომის პერიოდში მიწოდებულ 350 საბჭოთა ტანკს შორის.

„ლეოპარდები“ და „აბრამსები“ მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის შეტევით პოტენციალს. დაანონსებული რაოდენობა საჭიროა, რომ შეიქმნას ერთი დარტყმითი დაჯგუფება. უკრაინამ უკვე მიიღო დაახლოებით 350 საბჭოთა ტანკი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. მაგრამ ომის განმავლობაში ამ ტექნიკის ნაწილი წყობიდან გამოვიდა ან განადგურდა. გარკვეული წილი ამ დანაკარგის შევსებას დასჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინა მოახერხებს, არ დაფანტოს მიღებული ჯავშანტექნიკა და დარტყმით დაჯგუფებაში მოუყაროს თავი, ვინაიდან ამ ჯავშანტექნიკის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის მათი მასირება. [ამერიკულ, გერმანულ, ბრიტანულ] ტანკებს განსხვავებული ექსპლუატაციის ნორმები აქვთ. ეს ცოტა გაართულებს ლოჯისტიკას, მაგრამ მთავარია, უკრაინელებმა მიიღონ თანამედროვე შეიარაღება, რათა გამოასწორონ არსებული ვითარება და ის ტაქტიკური და ოპერატიული ინიციატივა, რომელიც ახლა რუსეთს აქვს, ისევ დაიბრუნონ.

ვფიქრობ, გაზაფხულზე გამოჩნდება ამ გარდატეხის ნიშნები და ის, თუ ვინ ჩაიგდებს ინიციატივას ხელში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკრაინა. რუსები ასევე ცდილობენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას. ამაზე მოწმობს ის დამატებითი მობილიზაცია და დაჯგუფებების შექმნა, ბელარუსში გარკვეული მოძრაობები, მაგრამ ვფიქრობ, მაინც უკრაინელებმა უნდა დაასწრონ დასავლეთის დიდი დახმარებით, თუკი, რა თქმა უნდა, ისევ არ გაიხლართებიან ბახმუტის ტიპის დაპირისპირებაში, რაც რუსებს აწყობთ”, — აცხადებს კაპანაძე.

ბრიგადის გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა ამბობს, რომ უკრაინას კონტრშეტევისთვის მთელი რიგი პირობების ერთობლიობა სჭირდება და ტანკები ამ პირობების მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელია.

„გადაწყვეტილება თავისთავად კარგია — 100-ზე მეტი ტანკი არის გარკვეული ძალა, რომელიც ემატება უკრაინის სამხედრო პოტენციალს, თუმცა რუსეთს მაინც აქვს [რაოდენობრივი] უპირატესობა. ამიტომ ასე არაა, რომ 100 ტანკი ჩავა და უკრაინა კონტრიერიშზე გადავა. კონტრშეტევაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, მაგრამ როცა პირობები შეიქმნება, დამატებითი ტანკების რაოდენობა გარკვეულ როლს ითამაშებს ამ კონტრდარტყმაში“, — ამბობს სურმავა.

გიორგი სურმავას განმარტებით, კონტრშეტევას სჭირდება შემდეგი წინაპირობები:

  • მოწინააღმდეგე უნდა გაჩერდეს;
  • მოწინააღმდეგე უნდა გამოიფიტოს;
  • მოწინააღმდეგეს არ უნდა ჰქონდეს თავისი რესურსების ადვილად შევსების შესაძლებლობები.

„ასეთი პირობები ჯერ ბოლომდე არ არის შექმნილი. გარკვეულ მიმართულებაზე რუსეთი გაჩერებულია, მაგრამ დონეცკის მიმართულებით შეტევაშია. გამოფიტვა მეტნაკლებად არის, მაგრამ არც ისე, რომ თავდაცვაც ვერ აწარმოოს. უზრუნველყოფაც აქვს. სანამ ყველა ეს პირობა არ შესრულდება, კონტრდარტყმა არ იქნება და რომც იყოს, მარცხით დამთავრდება. შეტევაში გადასვლას სჭირდება აშკარად გამოხატული შეტევითი საშუალებები, რაც არის ტანკი. მაგრამ მარტო ტანკები საკმარისი არ არის, ერთობლიობაში უნდა ჩამოყალიბდეს შესაფერისი ვითარება, რაც ამჟამად არ არის“, — ამბობს სურმავა.

რა შეიძლება იყოს კრემლის პასუხი?

უკრაინისთვის ამერიკული და გერმანული ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას კოლექტიური დასავლეთის კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობის ზრდად აფასებს კრემლი.

ვახტანგ კაპანაძის აზრით, ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთი გააძლიერებს სარაკეტო დარტყმებს, მაგრამ რაიმე ქმედითი ზომების გატარებას ვერ შეძლებს.

გაერთიანებული სამეფო ბოლო პერიოდში მიმოიხილავს რუსეთის მიერ უკრაინაში Т-14 Армата ტანკების გამოყენების შესაძლებლობას. დაზვერვის ცნობით, უკრაინაში განთავსებული რუსი სამხედროები ბოლო თვეების განმავლობაში მათთვის გამოყოფილი T-14-ების პირველი ტრანშის მიღებისგან თავს იკავებენ, რადგან ეს ტანკები ცუდ მდგომარეობაშია.

„არმატას“ ტანკი ახლოსაც ვერ მიდის იმ შეიარაღებასთან, რასაც უკრაინა მიიღებს, და ვერავითარ ცვლილებას ვერ შეიტანს საბრძოლო მოქმედებებში. „არმატა“ სერიულად ვერ გამოუშვეს, რადგან გარკვეული ხარვეზები გააჩნია. ამიტომ რუსული მძიმე შეიარაღება ძველ პლატფორმაზე დარჩა. T-72 -მა განიცადა გარკვეული მოდიფიკაცია 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ქართული შეიარაღების რაღაც ნაწილი აღმოჩნდა რუსების ხელში. განახლებული ქართული T-72-ები აღჭურვილი იყო უთანამედროვესი დამიზნებისა და ბრძოლის მართვის სისტემებით. ეს გახდა რუსული შეიარაღების განახლების მოტივატორი. თუმცა ძირითადი განახლებული შეიარაღება, მე რამდენადაც ვიცი, ომის პირველ რამდენიმე თვის განმავლობაში განადგურდა“, — ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

T-72 რუსული ტანკებისა და ამერიკული „აბრამსების“ დაპირისპირებას ჩაჩიბაია იხსენებს ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის” დროს, როდესაც, მისი თქმით, ასობით T-72 იქნა განადგურებული დისტანციაზე და მხოლოდ- 5-6 „აბრამსის“ ტანკი. საუბარია სპარსეთის ყურის მეორე ომზე ერაყის წინააღმდეგ.

„უკრაინას გარკვეული ტექნოლოგიურ უპირატესობას მისცემს დასავლური შეიარაღება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე მხარე დაბმული არ არის. გააჩნია გარკვეული შესაძლებლობა მის საწინააღმდეგოდ. ვნახოთ. ვფიქრობ, გარკვეულ მიმართულებებზე ოპერატიული სურათი შეიცვლება“, — ამბობს ვლადიმერ ჩაჩიბაია.

უკრაინის კონტრშეტევას, თუ ის იქნება განხორციელებული, გენერლების თქმით, დასჭირდება ჰაერიდან დაცვა. ისინი არ გამორიცხავენ, ლოჯისტიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ტანკების დღის წესრიგში დადგეს უკრაინისთვის დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი