ახალი ამბები

ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა

31 აგვისტო, 2016 •
ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შეწყდა

თავდაცვის სამინისტრსოს ცნობით, 11-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წრთვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თავდცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთლიანად შეწყდა.

“თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა. 650 -ტონიანი თურქული ხომალდი, 41-კაციანი ეკიპაჟით და ბოლო თაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით, ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს, თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. აღნიშნულ ხომალდს მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგი აქვს და ყველაზე მძლავრია მსგავს სიტუაციებში ძებნის განსახორციელებლად”,- ნათვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა იაგო შარაძემ და I კლასის რიგითმა გიორგი ნანეტაშვილმა შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები, თუმცა ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა. უწყების ცნობით, ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებდა სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.

ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდი სმხედროების გაუჩინარებიდან მეოთხე დღეს ჩაერთო, როგორც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებდა, ხომალდი მინიმუმ 3 დღის განმავლობაში მიიღებდა ძებნის ოპერაციაში მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ 11 დღის მანძილზე დარჩა შავი ზღვის აკვატორიაში. ხომალდზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი და დაკარგული სამხედროს მამა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დაკარგულის ოჯახებს კომპენსაციის სახით 15 500 ლარი ეკუთვნის, იმის გარდა, რასაც სამინისტრო დამატებით გამოჰყოფს ოჯახისთვის. კანონმდებლობის მიხედვით, პირს სასამართლო გარდაცვლილად ცნობს შემდეგ შემთხვევებში: 1. არ მოიპოვება ცნობები პირის ადგლსამყოფელის შესახებ 5 წლის განმავლობაში; 2. თუ პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება. 3. სამხედრო მოსამსახურე (ან სხვა პირი, რომელიც უგზო–უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით) გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდეს არაუადრეს ორი წლისა საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გარკვეული დანაშაულის ნიშნები იკვეთება და საზოგადოება მალე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე.

მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუხლია. თუმცა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლა გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი