ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: პროკურატურამ არ უნდა გაამყაროს განცდა, რომ სისტემა ხელს დააფარებს პოლიციელს

30 აგვისტო, 2016 • 1750
ნაცვლიშვილი: პროკურატურამ არ უნდა გაამყაროს განცდა, რომ სისტემა ხელს დააფარებს პოლიციელს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეის შესახებ საუბრობს.

მისი განცხადებით, პრობლემაა, რომ პროკურატურას ამდენი დრო დასჭირდა, ბრალი წაეყენებინა პირისთვის, რომლის სახელიც გარდაცვლილის წერილში იყო დასახელებული.

“ამ ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე გაჩნდა, სამწუხარიდ, კითხვის ნიშნები პროკურატურის მოქმედებების ეფექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ნაწილმა ხელისუფლების, უმაღლესი თანამდებობის პირის ჩათვლით, ადეკვატურად უპასუხოს ამ შემთხვევას და ეს შემთხვევა ასე მარტივად დავიწყებას არ უნდა მიეცეს, ისევე, როგორც ბევრი წინა შემთხვევა,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

7 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო და დატოვა წერილი, სადაც ამის მიზეზად პოლიციელ გოდერძი თევზაძის მიერ განხორციელებული ზეწოა და მუქარა დაასახელა. 27 აგვისტოს პროკურატურამ სასამართლოდან გოდერძი თევზაძეს დაკავების განჩება აიღო და მას ბრალიც წაუყენა, თუმცა, პრკურატურის ცნობითვე, გოდერძი თევზაძე მიმალვაშია და გამოძიებას თავს არიდებს.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გამოძიების სისწრაფეს ამ საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა:

“დემურ სტურუას მიერ დატოვებული წერილის საფუველზე, ამ საქმეში თავიდანვე იყო იდენტიფიცირებული ბრალდბეული პოლიციელი, რომელსაც ეს ადამინი ადანაშაულებდა მასზე ზეწოლაში, რამაც თვითმკვლელობამდე მიიყვანა. შესაბამისად, პროკურატურისთვის მარტივი იყო როგორც ამ ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენა და გასაგები იყო, ვინ იყო სავარაუდო ეჭვმიტანილი ამ საქმეში. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ თავისთავად, როდესაც ასეთი მტკიცებულება არსებობს კონკრეტული პირის შესაძლო დანაშაულებრივი საქმეების შესახებ, რა თქმა უნდა, ზრდის რისკებს, რომ ეს პირი მიემალება გამოძიებას, ვინაიდან მისი სახელი და გვარი ამ წერილის მეშვეობთ მთელი საქართველოსთვის გახდა ცნობილი.

შესაბამისად, პროკურატრას გაცილებით უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა იმიტომ, რომ დასადგენი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დანაშავე, განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა. დროულად უნდა დაეკითხა შესაბამისი მოწმეები, შეეგროვებინა სხვა მტკიცებულებები და წარედგინა ამ პირისთვის ბრალი. სისწრაფეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კონტექსტში, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული გამოძიებისთვის ხელის  შეშლა, იქნებოდა ეს მიმალვით ხელის შეშლა თუ, მაგალითად, შესაძლო მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა და შესაძლო მტკიცებულებების განადგურება. რა გარანტია ჰქონდა პროკურატურას, და, შესაბამისად, რა გარანტია შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, რომ ამ 20 დღის განმავლობაში ან არ მიიმალება, ან არ გაანადგურებს მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომელიც შესაძლოა არსებობდა, და არ დააშინებდა სხვა პირებს, რომლებიც შესაძლოა ამ საქმეში მოწმეები ყოფილიყვნენ,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

საიას თავმჯდომარის თქმით, დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმის გახმაურებისთანავე არსებობდა სკეპტიციზმი, რომ შეიძლება პოლიციელი არ დასჯილიყო. მას მაგალითად მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმე მოჰყავს. 2016 წელს ეს საქმე პროკურატურამ დახურა, პროკურორმა კი განაცხადა, რომ მიქაუტაძე არავის მოუკლავს და ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.

“ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა მსგავსი სცენარით, როდესაც სამართალდამცავი სჩადის სავარაუდო მძიმე დანაშაულს, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფას, თვითმკვლელობამდე მიყვანას და შემდეგ არ ისჯებიან. გაგახსენებთ, მაგალითად, მიქაუტაძის შემთხვევას, რომელიც საიას წარმოებაში არსებული ერთ-ერთი საქმეა. ამ ადამიანმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც დატოვა პოლიციის განყოფილება. საქმეზე გამოძიება შეწყდა ისე, რომ ძალაინ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. ასევე არის ბევრი სხვა საქმე. საიამ გამოაქყვენა კვლევა, სადაც 21 საქმე გვქონდა შეფასებული, რომელიც საიას წარმოებაშია ბოლო წლების გამავლობაში და რომელიც ავიღეთ. ყველგან ფიგურირებენ სამართალდამცავები. არც ერთ ამ საქმეში არ მიმდინარეობს და არ ჩატარებულა ეფექტური და სრულყოფილი გამოძიება,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მოქმედებებმა არ უნდა გაამყარონ განცდა, რომ სისტემა ხელს დააფარებს პოლიციელს. მისივე თქმით, პოლიციელი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სისტემა მას თვითნებობას არ აპატიებს:

“ნებისმიერ შემთხვევაში რომ შევხედოთ, ეს იყო, ვთქვათ, რამდენიმე პოლიციელის მოქმედება თუ ზემდგომის ბრძანება, თუ ეს იყო ამ ადამაინის, ცალკე აღებული პოლიციელის თვითნებობა. რა თქმა უნდა, სამართლებრივად განსხვავება არის, მაგრამ პრობლემა იგივე რჩება იმიტომ, რომ პოლიციელი უნდა გრძნობდეს, რომ მას თუნდაც არ მიუთითებდნენ კონკრეტულად, ჩაიდინოს ეს მოქმედება ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ასეთ თვითნებობას მას სისტემა არ აპატიებს. სხვა შემთხვევაში, სისტემა აქტიურად მოუწოდებს პოლიციელს ასეთი ქმედების ჩადენისკენ, თუ თავისი პასიურობით, წინა შემთხვევის დაუსჯელობით ახალისებს მას და აძლევს განცდას, რომ ასეთი რამ ეპატიება, მას  პასუხს არავინ არ მოსთხოვს,”- ამბობს საიას თავმჯდომარე.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გამოძიება იყოს გამჭვირვალე, თუმცა პროკურატურამ უნდა დაიცვას პირადი მონაცემები, რაც არ იყო უზრუნველყოფილი, მაგალითად, მაგდა პაპიძის საქმეზე:

“ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი და საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა პროკურატურამ იმისთვის, რომ ეს საქმე გამოეძიებინა სრულყოფილად. სანამ არ ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როცა გასაჯაროვდება ეს ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია არ გავრცელდეს პროკურატურის მხრიდან და სწორად იყოს გაგებული გამჭვირვალობა. მაგალითად, მაგდა პაპიძის საქმეში რომ ვნახეთ, ისე კი არ გაავრცელოს ინფორმაცია, არამედ გვითხრას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ამის ცოდნის გარეშე რთული იქნება შეფასება იმისა, რამდენად სწორად იძიებს პროკურატურა იმ ვერსიას, რომ შესაძლოა ეს არ იყოს ერთი ადამიანის მხრიდან ჩადენილი ქმედება,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს თვითმკვლელობა რიგითი საქმე არ არის:

“ეს ამბავი არ უნდა იყო დანახული, როგორც მხოლოდ ერთი 22 წლის ბიჭის და მისი ოჯახის ტრაგედია. ასე ვერ დავიყვანთ ჩვენ ამ საქმეს იმიტომ, რომ ეს საქმე წარმოაჩენს სისტემურ პრობლემებს, როგორც სამართალდამცავ უწყებებში, ასევე წარმოაჩენს, რამდენად რეპრესიული და არასწორი ნარკოპოლიტიკა გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს, ამ ძალაინ დიდ ტრაგედიას ხელისუფლებამ უპასუხოს ამ კონკრეტული საქმის სწრაფი გამოძიებით, მაგრამ ასევე ფუნდამენტური რეფორმებით: გადახედოს კანონმდებლობას, გადახედოს პრაქტიკას და შექმნას გარანტიები ამ საზოგადოებაში. რა გარანტია გვაქვს ჩვენ დღეს, რომ იგივე არ მეორდება იმავე სოფელში, ან სხვა სოფელში, ან სხვა ქალაქში და სხვა 22 წლის ბიჭები არ წერენ ახლა ხელწერილს “დედა, მარტო რჩები, მაგრამ რა გავაკეთო,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი