არასამთავრობო ორგანიზაციის “საქარველოს დემოკრატიული ინიციატივა” წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, პირველი ეპიზოდი მამუკა მიქაუტაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას უკავშირდება.

 

“როდესაც მამუკა მიქაუტაძე პოლიციამ წაიყვანა, მათ ფაქტობრივად მიქაუტაძე დააკავეს და ეს პროცედურა არ იყო მოწმის დაკითხვა, როგორც აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამასხურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მოწმე ნებაყოფლობით ცხადდება საგამოძიებო ორგანოში, იძულებით მოყვანას კი ჭირდება სასამართლო ბრძანება. საგამოძიებო ორგანოს არც ერთი ჰქონდა, არც მეორე, ხოლო მამუკა მიქაუტაძეს ფაქტობრივად აღეკვეთა თავისუფლება, რაც არ გაფორმებულა და, შესაბამისად, ეს არის უკანონო დაკავება, ეს დანაშაულია და ამისთვის პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ”–განუცხადა “ნეტგაზეთს”  მშვენიერაძემ. 

 

მეორე საკითხი კი  საგამოძიებო ორგანოში გარდაცვლილზე განხორციელებულ ზეწოლას და  არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება. რაც შეეხება მესამე ნაწილს, ამ შემთხვევაში  მუხლი ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხება. 115–ე მუხლით საქმე უკვე აღძრულია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჯერ–ჯერობით არცერთი შემთხვევა არაა ცნობილი, როცა საგამოძიებო სტრუქტურები აქტიურ საგამოძიებო ქმედებებზე გადავიდნენ:

 

“არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დავდივართ ამ დღეების განმავლობაში, ვხვდებით ყველა თვითმხილველს, მოწმეს და არცერთი მათგანი არ უთითებს იმის შესახებ, რომ მათ ვინმე დაუკავშირდა სახელმწიფო უწყებებიდან, საგამოძიებო ორგანოებიდან, დაკითხეს ან რამე მსგავსი. ეს არის უგულისყურო დამოკიდებულება ამ ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური ფაქტის მიმართ. აუცილებლად უნდა მოხდეს დროული რეაგირება და იმ ადამიანების პასუხსიგებაში მიცემა, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინეს”– აცხადებს მშვენიერაძე. 

 

რა ინფორმაცია გახდა ცნობილი ბოლო ორი დღის მანძილზე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ვინც მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმის ძიებაშია ჩართული? სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლები შეხვდნენ გარდაცვლილის მეგობრებს,  რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მისი დაკავების ფაქტს და იმ ადამიანებსაც, ვისთანაც გარდაცვლილს კომუნიკაცია ჰქონდა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ. 


მათ მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ, 5 ივლისს მამუკა მიქაუტაძესთან გელა მანჯავიძე მივიდა. მისვლის მომენტში გელა მანჯავიძეს თან მიჰყვა რამდენიმე პოლიციელი და როდესაც გელა მანჯავიძე ჯერ კიდევ ავტომობილში იჯდა და მამუკა მიქაუტაძე გარედან ესაუბრებოდა, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ ის დაკავებული იყო:

 

“ხელბორკილები დაადეს გელა მანჯავიძეს, ხოლო მამუკა მიქაუტაძე დააყენეს ავტომობილის წინა მხარეს და მოთხოვეს,  არ განძრეულიყო, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, არცერთს არ აღმოაჩნდა დანაშაულის მამხილებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო მოგვიანებით, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დამატებით მოსულმა ორმა პოლიციელმა თქვა, რომ ნივთმტკიცება იპოვეს ძირს, იქვე ახლო–მახლო და მოიტანეს, ეს იყო მარიხუანა, როგორც ამბობენ” – აცხადებს მშვენიერაძე.

 

მისისვე თქით, პოლიციელები დაახლოებით 4–5 საათის განმავლობაში ადგილზე აჩერებენ ამ ადამიანებს და არ აძლევენ გადაადგილების თავისუფლებას:

 

“იქ გარკვეული შელაპარაკებებიც იყო თანამშროლებს შორის. ისინი [მამუკა მიქაუტაძის თანამშრომლები] ეუბნებოდნენ, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იქ არ ყოფილა, ახლა მოიტანა პოლიციელმა, ნუ უდებთ ნარკოტიკს, ნუ დაღუპავთ. ამის შემდეგ ორივენი გადაყავთ პოლიციის სამმართველოში, ადგილზე მისულ ადვოკატს მოთხოვეს ორდერი, იგი წავიდა ორდერის შესავსებად, როდესაც პოლიციის სამართველოს შენობასთან მივიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატი არ შეუშვეს შენობაში და ამ პერიოდში ხდება ფიზიკური ზეწოლის განხორციელება მამუკა მიქაუტაძეზე. როგორც თავად აღნიშნა, ეს იყო როგორც ფიზიკური შეურაცხყოფა, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. მათ შორის ემუქრებოდნენ, რომ ჩაგიდებთ ნარკოტიკს, დაგიმატებთ სასჯელს და როგორც გარდაცვალებამდე მოუყვა მეგობრებს, მზად იყო ჩაედოთ ნარკოტიკი და მიეცათ დიდი სასჯელი, ოღონდ არ დაწერდა იმ ჩვენებას, რომელსაც არ ეთანხმებოდა. ამის მიუხედავად, შემდეგ გაიყვანეს სხვა ოთახში, გელასგან დამოუკიდებლად და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში, როგორც თავიდან თქვა,  და შემდეგ სხეულზე. როგორც ამბობს, წაქცეულ მდგომარეობაში მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ წაუკითხავს და ამის შემდეგ უთხრეს, რომ მოწმეა და თავისუფალია”.– განაცხადა მშვენიერაძემ. 

 

დღეს ასევე ცნობილი გახდა მამუკა მიქაუტაძის ჩვენების ოქმი, რომლშიც ნათქვამია, რომ მასთან მივიდა გელა მანჯავიძე, რომელსაც თან ჰქონდა “მარიხუანა”, რომელიც მანჯავიძემ პოლიცელთა გამოჩენის შემდეგ ავტომობილიდან გადააგდო.

 

საგამოძიებო სტრუქტურის დატოვების შემდეგ მამუკა მიქაუტაძე მეგობრებს უყვება ყველაფერს. მშვენიერაძის თქმით, იგი ამბობს, რომ ძალით გააკეთებინეს და არ ეთანხმება ამ ყველაფერს, ამობს, რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც, მისი აზრით, არ მიუძღოდა ბრალი, ძალით, მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს. 6 ივლისს კი, დილით, სახლიდან მიდის და საღამოს გარდაცვლილს პოულობენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.  

 

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეში ასევე ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციიაციის მიერ დაქირავებული ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, ცხედრის გარეგანი დათვალიერების შედეგად გარკვეული დაზიანების კვალი დასტურდება. ექსპერტიზის საბოლოოს პასუხი კი სამშაბათს გახდება ცნობილი. 

 

დღეს პოლიციის სამმართველოსთან აქციაც გაიმართა. 25–მდე ადამიანმა მამუკა მიქაუტაძის წამებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში დამნაშავე პირთა დაუყოვნებლივ გამოვლენა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოითხოვა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მამუკა მიქაუტაძის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, 6 ივლისს შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმღვანელმა ნინო გირგობიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მიქაუტაძე ნამდვილად  დაიკითხა მოწმის სახით ნარკოდანაშაულის საკითხზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *