სამტრედიაში გარდაცვლილი დემურ სტურუას წერილში ნახსენები პოლიციელისთვის, გოდერძი თევზაძისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების საკითხზე “ნეტგაზეთი” არასამთვრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” დაუკავშირდა, რომელიც საქმეში გარდაცვლილის დედას წარმოადგენს.
ორგანიზაციის იურისტის, სოფო ვერძულის თქმით, ის ფაქტი, რომ სტურუას წერილში ნახსენებ პირს ბრალი წაეყენა, გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს:
“ის, რომ დევნა დაიწყო და პასუხისგებაში მიეცა პოლიციელი, არ ნიშნავს, რომ ამ საქმეზე გამოძიება დასრულდა. წინ არის სასამართლო სხდომები, რომელზეც პროკურატურამ ეფექტურად უნდა განახორციელოს ბრალდების მხარდაჭერა იმისთვის, რომ სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი იყოს დაკმაყოფილებული და ყველა იმ პოლიციელმა, რომელსაც რაიმე შემხებლობა ამ ფაქტთან ჰქონდა, არ ვსაუბრობ მხოლოდ გოდერძი თევზაძეზე, მათ შორის სხვა პოლიციელების შესაძლო ბრალეულობების გამოკვეთაზე უნდა იმუშოს პროკურატურამ, მათ შორის გულგრილობით ან ხელშეწყობით გოდერძი თევზაძისთვის” – ამბობს ვერძული “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
EMC-ის იურისტის აზრით, საქმეში ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაც არანაკლებია, რადგან ამ უწყებამ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს შემდგომში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად:
“შსს-მ უნდა მიიღოს გარკვეული ზომები და, სამწუხაროდ, ამდენი ხნის გნამავლობაში ჩვენ არ მოგვისმენია პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან არანაირი შეფასება, მათ შორის მინისტრის, რომელიც არ გამოხმაურებია ამ საქმეს და, სამწუხაროდ, უცნობია, თვითონ სამინისტრო რას გეგმავს მომავალში ასეთი ფაქტების თავიდან არიდების მიზნით” – ამბობს სოფო ვერძული.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის” განმარტებით, ორგანიზაცია გამოძიების მიმდინარეობას თვალს ადევნებდა და იმ პროცედურების გათვალისწინებით, რაც გამოძიებისთვის მტკიცებულები შეგროვებას სჭირდება, არ აქვთ სამართლებრივი საფუძველი, განაცხადონ, რომ პოლიციელისთვის ბრალის წაყენება გაცილებით ადრე იყო შესაძლებელი:
“ჩვენ, როგორც დაზარალებულის წარმომადგენლები, ველოდებოდით ამ ორ ძალიან მშნიელოვან დოკუმენტს, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და სწორედ ამ შედეგების შემდეგ ვაპირებდით პროკურატურისთვის მოწოდებას, რომ მას განეხორციელებინა ის ღონისძიებები, რაც განხორციელდა, ვგულისხმობ ბრალის წაყენებას. ამიტომ ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს შესაძლებლობა სამართლებრივად სხვანაირად შევაფასო საქმე და ვთქვა, რომ, მაგალითად, ხელი შეუწყო პროკურატურის რომელიმე მოქმედებამ იმას, რომ პოლიციელი მიიმალა” – უთხრა “ნეტგაზეთს” ვერძულმა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომლიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. როგორც წერილში წერია, პოლიციელმა იგი წაიყვანა იანეთში, სცემა და დაექმურა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.
პოლიციელს პროკურატურამ ბრალი გუშინ, 29 აგვისტოს წაუყენა. თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას. რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.პროკურატურის განცხადებითვე, გოდერძი თევზაძე თავს არიდებს გამოძიებას და ამიტომ მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.