პოლიტიკური გაერთანება “ცენტრისტების”ერთ-ერთი ლიდერი, ლადო ბედუკაძე და პარლამენტარი თამაზ მეჭიაური ერთმანეთს პარლამეტში შეხვდნენ.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს მეჭიაურმა დაუდასტურა.
როგორც რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ლადო ბედუკაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტში “ერთ-ერთი მეგობარი მოინახულა” და საუბარი პოლიტიკას შეეხებოდა.
თამაზ მეჭიაურმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბედუკაძემ მას მადლობა გადაუხადა:
“ჩემთანაც შემოიარა. მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ ადრე იყო ასეთი შემთხვევა, როცა მოხსნეს. მაშინ ვთქვი, რომ არ მიმაჩნია სწორად, რომ ამაზე ხსნიან,”- განაცხადა ჟურნალისტბთან თამაზ მეჭიაურმა.
მას შემდეგ, რაც ცესკომ ბედუკაძე-ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ მაშინ ცესკოს ქართული ოცნება, რესპუბლიკელები და ნაციონალური მოძრაობაც უნდა მოეხსნა რეგისტრაციიდან, რადგანაც, მეჭიაურის თქმით, ეს პარტიები საქართველოში NATO-ს ჯარს ითხოვენ.
პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში 400-ლარიან რუსულ პენსიას, რუსეთის მოქალაქეობას და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდნენ.
თამაზ მეჭიაურს არაერთხელ გაუკეთებია ევროკავშირისა და NATO-ს საწინააღმდეგო განცხადებები.