ახალი ამბები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

16 აგვისტო, 2016 • 2260
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

საქართველოს ცენტრალუმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა. ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ ჟვანიას განმარტებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც “ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული:

“დღეს, 11:00 საათზე, ხელი მოვაწერე განკარგულებას პოლიტიკური გაერთიანება ცენტრისტების რეგისტრაციის ბათiლად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება გააჩნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც მხოლოდ გუშინ გახდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილი. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 77–ე მუხლის მე–5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პირმა მუხლის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების “ცენტრისტები” და მისი წარმომადგენლის რეგისტრაციაში გატარების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის განკარგულება ბათილად იქნას მისი ძალაში შესვლის დღდან.”

თამარ ჟვანიას განცხადებით, საჯარო რეესტრის პრეტენზიები ცესკოს მიმართ უსაფუძვლოა, რადგან ცესკოს არ ევალება შეისწავლოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა არჩევისა და უფლებამოსილების კანონიერების საკითხი.

პრორუსული პოლიტიკური გაერთანების რეგისტრაციიდან მოხსნასა და მათი საქმიანობის გაუქმებას თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვდა. ისინი მიიჩნევენ, რომ “ცენტრისტების” დაპირებები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ გზავნილებს შეიცავს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.

პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ერთ–ერთი ლიდერიც ლადო ბედუკაძეა, მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში 400-ლარიან რუსულ პენსიას, რუსეთის მოქალაქეობას და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა. მათი წინასაარჩევნო ვიდეორგოლი საზოგადოებრივი მაწუყებლის ეთერში გადიოდა, რომელიც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიხსნა.

თავად ლადო ბედუკაძე, რომლის სახელიც პატიმრების წამების ამსახველი კადრების გადაღებასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელებას უკავშირდება, აცხადებს, რომ მათი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლაბას გუშინვე ჰქონდა მიღებული და მისთვის აღარ იყო მნიშვნლოვანი, თუ ვინ გამოაცხადებდა ამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი