პარტია “ეროვული ფორუმის” წევრი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მცდელობები ჩაშალა. ამის შესახებ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული არ ყოფილა. როგორც სანიკიძე აცხადებს, ის საქართველოს პარლამენტში სამეზობლო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ვალდებული არ იყო, ვინმესთვის ეცნობებინა.
განცხადება ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში “არჩევანი 2016” გააკეთა. სანიკიძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებში გამართა მან მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.
“არაბულ ქვეყნებში აფხაზეთის აღიარების მცდელობები პირადად მე ჩავშალე. იცით ამის შესახებ? … მე საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ვეკითხები. მე ამ ქვეყანას ვემსახურები… საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ჩამერთო, აქამდე უკვე აღიარებული იქნებოდა.”
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იცოდნენ სანიკიძის მიერ გამართული მოლაპარაკებების შესახებ. როგორც გუბაზ სანიკიძე ამბობს, ის მოქმედ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა ამ თემასთან დაკავშირებით.