ახალი ამბები

ალასანია: მოსამართლე არ იჯდა დღეს სასამართლოში, ეს იყო ახალაია

24 აპრილი, 2012 •
ალასანია: მოსამართლე არ იჯდა დღეს სასამართლოში, ეს იყო ახალაია

“თავისუფალი დემოკრატების” წევრის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესს ზუგდიდში დღეს, პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას გარდა, NDI-ისა და IRI-ის საქართველოს ოფისების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, თუმცა ლუის ნავაროსა და ანდრეა ქერბსს პრესისთვის რაიმე კომენტარები არ გაუკეთებიათ.

“მოსამართლე არ იჯდა დღეს, პრაქტიკულად, სასამართლოში, ეს იყო ახალაია, მისი პირით ლაპარაკობდა, უბრალოდ, პროკურორი. ეს, რა თქმა უნდა, შეიცვლება ძალიან მალე. რამდენიმე თვეა დარჩენილი. უბრალოდ, ჩვენ მოთმინებამ არ უნდა გვიღალატოს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

სერგო ჩაჩიბაიას საქმეს მოსამართლე ირაკლი აფშილავა განიხილავს. ჩაჩიბაია ზუგდიდში 25 მარტს ერთ-ერთ ავტოსერვისთან ოთარ ქეცბაიასთან  სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად დააკავეს. მას ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ადვოკატმა შალვა შავგულიძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, დაუშვებლად ეცნო ჩაჩიბაიასთვის ცივი იარაღის – დანის აღმოჩენის თაობაზე. შავგულიძის აზრით, ჩაჩიბაიას დაკავება მოხდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და ასეთივე წესით მოხდა დანის მოპოვება, ამიტომ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დანა ვერ გახდება ჩაჩიბაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზი.

ადვოკატმა მოითხოვა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოწმეების, ასევე, ავტოსერვისის თანამშრომლის ელგუჯა გოგოხიას მოწმის სახით დაკითხვა.

მოსამართლემ ადვოკატის ეს და სხვა შუამდგომლებები არ დააკმაყოფილა, მათ შორის არც ის, რომლითაც დაცვის მხარემ ჩაჩიბაიას გათავისუფლება მოითხოვა 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

ამის შემდეგ დაცვის მხარემ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.

თავად სერგო ჩაჩიბაიამ სასამართლო პროცესზე დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ის უდანაშაულოა.

“იმიტომ, რომ სერგოსნაირები, პოლიტიკური პატიმრები გამოვიყვანოთ ციხიდან, სერიოზული სამუშაო გვექნება ოქტომბრამდე გასაკეთებელი და ერთად ვაპირებთ, მეც აქ, თქვენთან ერთად ვიქნები, რომ ამ უსამართლობას არ მივცეთ გასაქანი”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ალასანია ამბობს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისისთან დაკავშირებით ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც, უახლოეს კვირაში, ის სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდში გადავა.

სერგო ჩაჩიბაიას საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 8 მაისს დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი