ახალი ამბები

არასამთავრობოების პეტიცია 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიებაზე

24 აპრილი, 2012 •
არასამთავრობოების პეტიცია 2008 წლის ომის დანაშაულების გამოძიებაზე

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 24 აპრილს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს პეტიციით მიმართეს და  თხოვეს 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები თავად პროკურორის ოფისმა გამოიძიოს.

პეტიციის ავტორები არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საზოგადოებრივი დამცველი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია.

პეტიციის მიზანია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებისათვის სამართლიანობის აღდგენა. ამისთვის არასამთავრობოებს მიჩანიათ, რომ პროკურორის ოფისმა ქვეყნებიდან უნდა მოითხოვოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ  და ეს გამოძიება გახდეს ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, პროკურორის ოფისმა დაიწყოს სრულყოფილი გამოძიება.

არასამთავრობოთა განცხადებით, სამ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ მან საქართველოს და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის წინასწარი მოკვლევა დაიწყო, თუმცა ჯერ  სასამართლო გამოძიება არ დაწყებულა.

პეტიციის ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კონფლიქტის დროს ჩადენილი იქნა მძიმე დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, რომლის შედეგად გადაადგილება მოუწია 23 ათასზე მეტ ადამიანს, გადამწვარი და მიწასთან გასწორებული იქნა სოფლები, ხოლო სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მთლიანად გაიწმინდა ქართველებისგან. არასამთავრობოების მტკიცებით, არსებობს მტკიცებულებები კონფლიქტის ორივე მხარის ჩადენილი დანაშაულების შესახებ  და აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართევლომ და რუსეთმა დამოუკიდბელად დაიწყეს ომის დროს ჩადენილი დანაშაულობების გამოძიება, მისი  მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გაუხდიათ, რათა ეჩვენებინათ, რამდენად ეფექტურია ეს გამოძიება.  არასამთავრობოების მტკიცებით, გამოძიების შესახებ ინფორმაცია ხელმისწავდომი თავად დაზარალებულებისათვისაც არ არის. არადა, საქართელო -რუსეთის ომის დროს დაზარალებულები იმსახურებენ მართლმსაჯულების აღსრულებას და დამნაშავე პირების დასჯას.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ  დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში არც ერთი სახელმწიფოს ოფიციალური პირი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.

“რუსეთისა და საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს შორის თანამშრომლობის არარსებობა და ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი არ მიუწვდება ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში, იქ, სადაც ყველაზე სერიოზული დანაშაულები იქნა ჩადენილი, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, სურვილის შემთხვევაში, არა აქვს შესაძლებლობ,ა ეფექტურად გამოიძიოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ყველაზე სერიოზული დანაშაულები”, – აცხადებენ ქართული უფლებადამცავი ორგანები და მიაჩნიათ, რომ თუ საერთაშორისო სასამართლოების და პროკურორის ყურადღება შესუსტდება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებები ფაქტობრივად შეჩერდება, რასაც შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს მთლიანად კავკასიაში,  სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა და დაძაბულობა კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი