ახალი ამბები

რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო ინტეგრაციით

19 აპრილი, 2012 •
რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო ინტეგრაციით

რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო ინტეგრაციით. აღნიშნულის შესახებ დღეს, ნატო–რუსეთის ერთობლივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.  

“დღეს ჩვენი პარტნიორები ნატოში უწინდებურად მოიხსენიებენ საქართველოს შიდა დოკუმენტებში ე.წ. ასპირანტ ქვეყნებს შორის, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე ჩვენი შეშფოთების საგანია საქართველოს ხელახალი მილიტარიზაციის პროცესი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში ყოფნისას განაცხადა, რომ მიაღწია სამხედრო მომარაგების აღდგენას, ასევე დაპირებას, რომ აუცილებლად მიიღებენ ნატოში. ჩვენთვის ეს საგანგაშოა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ინტერპრეტაციაა. როგორც მესმის, მას (მიხეილ სააკაშვილს) უყვარს ინტერპრეტირება. ამ ადამიანის ავანტურის გამო სამხრეთ კავკასიაში მორიგი დესტაბილიზაცია განხორციელდა”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლავროვმა.

ნატო–რუსეთის კომისიის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მხარეებმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც ისინი ვერ თანხმდებიან. კერძოდ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და საქართველოს შესახებ.

“ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი და ჩვენ ყველა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვართ განმსჭვალულნი, ნებისმიერ დროს განვაგრძოთ ყველა საკითხის განხილვა, რადგან ნატო–რუსეთის საბჭო ამისთვის არსებობს და მას შეუზღუდავი პოტენციალი აქვს”, – აღნიშნა რასმუსენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი